ლევან ვასაძე: ოფიციალურად დამიდგინდა მრავალჯერადი მიელომაც, რომელიც სისხლის კიბოს ნაირსახეობაა

„ერის“ ლიდერის, ლევან ვასაძის განცხადებით, კიდევ ერთი დიაგნოზი, მრავალჯერადი მიელომა დაუდგინდა.

მისივე განცხადებით, შესაძლოა, ახალი დიაგნოზი რედიაციული დასხივებითა და მოწამვლით იყოს გამოწვეული.

„მეორე თვეა, ვმკურნალობ. სამწუხაროდ, დამიდასტურდა მეორე დიაგნოზიც – AL ტიპის ამილოიდოზის გარდა, ოფიციალურად დამიდგინდა მრავალჯერადი მიელომაც, რომელიც სისხლის კიბოს ნაირსახეობაა.

ვინც მგულშემატკივრობთ, ნუ დაიზაფრებით, რადგან, სამწუაროდ, უკვე დადასტურებული წინა დიაგნოზი – AL ტიპის ამილოიდოზი ბევრად უფრო აგრესიული და საშიში დაავადებაა, ვიდრე თვით სისხლის კიბოც კი. ისინი მონათესავე დაავადებებია და ხშირად, ერთად მიდის, თუმცა ამ შემთხვევაში, ძალიან უცნაურია მათი წარმოქმნა სრულიად ჯანმრთელ ორგანიზმში, ასეთ მოკლე ვადებში.

თუ ამილოიდოზის გამომწვევ მიზეზებში ეს მკაფიოდ გარკვეული არ არის, მიელომის შემთხვევაში, პირდაპირ წერია, რომ ამის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი არის რადიაციული დასხივება და მოწამვლა“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.