ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა დატოვა – ის „ქართულ ოცნებას“ აღარ აფინანსებს – ირაკლი ღარიბაშვილი

„ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა დატოვა. ამის თაობაზე, მან საჯაროდ განაცხადა. შესაბამისად, იგი „ქართულ ოცნებას“ აღარ აფინანსებს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტის მიერ, მმართველი პარტიის დაფინანსების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება „სპექტაკლების დადგმის“ მცდელობაა.

„მოსახლეობასთან, დაუზუსტებელი ფაქტებით საუბარი არ შეიძლება. ჟურნალისტის ვალდებულებაა, ხალხს სიმართლე უთხრათ. თუ მე ტყუილს ვამბობ, ხალხს უნდა აუხსნათ, რომ პრემიერი ტყუილს ამბობს. ესაა განზოგადებული საუბარი, სპექტაკლები. არ გაქვთ სკანდალი და მას ვერ ქმნით. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა თვეების წინ დატოვა. ეს ავტომატურად გულისხმობს „ქართული ოცნების“ დაფინანსების შეწყვეტას. ჩვენი შემოწირულობები აბსოლუტურად გამჭვირვალეა“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.