„თალიბებმა“ ქაბულში ქალთა მარშის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

მოძრაობა „თალიბანის“ მებრძოლებმა ავღანეთის დედაქალაქში ქალების უფლებების მომხრეთა მარშის დასარბევად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს – ამის შესახებ Associated Press-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მსვლელობის მონაწილეებმა „თალიბებთან“ ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს, შემდეგ კი პრეზიდენტის სასახლისკენ გადაინაცვლეს, თუმცა იქ გზა შეიარაღებულმა მებრძოლებმა გადაუკეტეს. მათ ჰაერში დაიწყეს სროლა და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. მარშის სულ მცირე ერთი მონაწილე დაშავდა.

ცნობისთვის, ქალთა მარშები ქაბულში უკვე მეორე დღეა იმართება. მისი მონაწილეები ქალებისთვის თანაბარ უფლებებს ითხოვენ.