ყვარლის ტბის მიმდებარედ ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყვარლის სამმართველოს შენობაში ადგილობრივად დაფიქსირებული ინფორმაციით, ყვარლის ტბის მიმდებარედ ტყეში შეინიშნებოდა დაკვამლიანება და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება.

შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში, ყვარლის ტბის მიმდებარედ ტყეში მოხდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლების მობილიზება და დაიწყო ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები.
მეხანძრე-მაშველების გადმოცემით ხანძარი გავრცელებულია ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარზე.

ამ დროისთვის, ადგილზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები.

ქრობის პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.