აშშ-ში პატიმრობაში მყოფი ქართველი მოკრივე, ავთანდილ ხურციძე პატიმრობიდან 14 სექტემბერს გათავისუფლდება

ქართველი მოკრივე, ექვსი საჩემპიონო ქამრის მფლობელი ავთანდილ ხურციძე ამერიკის შეერთებული შტატების საპატიმროს 14 სექტემბერს დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ხურციძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ხურციძის განცხადებით, იგი ვადაზე ადრე გათავისუფლდება. როგროც იგი ამბობს საპატიმროს დატოვების შემდეგ სპორტული კარიერის გაგრძელებას გეგმავს.

“მოგესალმებით გულშემატკივრებს, მეგობრებს, ნათესავებს. მინდა გაცნობოთ და გახაროთ, რომ 14 სექტემბერს აღირიცხება და აღინიშნება ჩემი თავისუფლების დღე. გამოვდივარ სრული მონდომებით და მომზადებით, რათა მივაღწიო აღნიშნული კარიერის დასასრულს, სულ რამდენიმე დარჩენილი ქამრის ხელში მოგდების შემთხვევაში და ამისთვის მქონდა მთელი ხუთწლიანი სამზადისი, ყველანაირი პირობა, რათა მომეხდინა ძალების შეგროვება ყველაზე ძლიერ ადგილზე, ფედერალურ საკანში. რაღა დაგიმალოთ და უკეთეს პირობებში, რაც კი მქონია სამშობლოში სპორტული მზადების დროს. ასე რომ, მე კმაყოფილი ვარ ასეთ პირობებში მყოფი ავთანდილ ხურციძე და მზად ვარ კარიერის გასაგრძელებლად. დიდი მადლობა ამერიკას დროულად გათავისუფლებისთვის და გათვალისწინებისთვის ამა თუ იმ საკითხის, ყოფაქცევით და დისციპლინის მადლობა შეფასებისთვის და დაღვრილი ოფლის დაფასებისთვის და აქვე დიდი მადლობა ჩემს ადვოკატს ქალბატონ მეგანს და ბატონ კენის ბოლომდე გვერდით დგომისთვის“, – აცხადებს ავთანდილ ხურციძე.

ცნობისთვის ავთანდილ ხურციძეს  10 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.