გურამ მაჭარაშვილი – სააკაშვილს, თუ ჩამოვა, გადასატან ყუთს მივუტანთ

სააკაშვილს, თუ ჩამოვა, გადასატან ყუთს მივუტანთ – გაცილებით მეტი საკითხი გვაქვს დღის წესრიგში, ვიდრე სააკაშვილის სიზმრებია მის ჩამოსვლაზე,- ასე ეხმიანება არჩევნებისთვის დაბრუნების შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს გამბედაობა არც ამჯერად ეყოფა იმისთვის, რომ საქართველოში ჩამოვიდეს.

“არ დაგვავიწყდეს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გახლავთ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც უკვე 8 წელია საქართველოში ჩამოსვლას ლამობს და ამას ვერც ამჯერად გააკეთებს. თუ წარმოვიდგენთ თეორიულად მაინც მის ჩამოსვლას, გარდა ქართული მართლმსაჯულების გამამტყუნებელი განაჩენისა, მას საზღვართან დახვდება საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც მხილებულია სისტემურ დანაშაულში, 300 000- ზე მეტი პრობაციონერი, 2008 წლის ომის რამდენიმე ათეულ ათასი ლტოლვილი, ბიზნესმენები წართმეული ქონებით და უამრავი პრობლემა, რაც მან დატოვა. ასე რომ, არ მგონია, საქართველოში ჩამოსვლის და იმ სასჯელის მოხდის სურვილი გაუჩნდეს, რაც მან დატოვა,”- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით პირადად ჩამოვა არჩევნებისთვის საქართველოში და არ ეშინია დაპატიმრების.

,,პირადად მე ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში და მინდა, მოვუწოდო უცხოეთში მყოფ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვისაც გაქვთ ამის საშუალება, არჩევნების დღეებში აიღეთ შვებულება, გადადეთ ამისთვის თქვენი დრო, საშუალებები და ვისაც როგორ შეგიძლიათ ჩასვლა, ხმელეთით, ჰაერით, წავიდეთ ყველა ერთად საქართველოში” – აღნიშნა სააკაშვილმა ,,ფეისბუქზე” გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.