ირაკლი ამირეჯიბი-ისტორიული სარაინდო წიგნებიდან გადმოსული მამაცი მებრძოლი

მათი სახელები უნდა იცოდნენ მომავალმა თაობებმა!

F-news

თამარ მოლაშვილი

-“ზუსტად 24 წლის აფხაზეთის ომში მოკლეს ირაკლი ამირეჯიბი!

15079040_134328877043580_2207275267351092934_n
ერთხელ, დაზვერვაზე ყოფნისას თავისიანებს რაციით გამოძახებაზე პასუხობდა. ლაპარაკში მოწინააღმდეგის მზვერავიც ჩართულა, ალბათ იმ სასწაულებრივი მიზეზით, რომ ორივეს მედესანტეების საველე მეტსახელი ჰქონდა. ირაკლის შეუთავაზებია, დილის ხუთ საათზე ტამიშის ხიდთან შევხვდეთო. პირველი თავად მისულა, მოვედიო, ხმამაღლა დაუძახია. ის მეომარიც გამოსულა საფარიდან. ერთმანეთს გადახვევიან და, ვინ იცის, რა ისაუბრეს – ეს შეხვედრა ხომ სიცოცხლისა და მშვიდობის სახელით მოხდა და არა მტრობის და სისხლისღვრის წყურვილით.
ირაკლი 1992 წლის 1 ოქტომბერს ჩაირიცხა სადესანტო-სადივერსიო ბატალიონში დაზვერვის მეთაურის მოადგილედ. მას გავლილი ჰქონდა სამხედრო სამსახური ლიტვაში – სადესანტო ნაწილებში. სწორედ იქ ისწავლა უმძიმეს განსაცდელთან თვალის გასწორება, სამხედრო საქმის მრისხანე სიბრძნე და ვაჟკაცობის ფასი…
სადესანტო-სადივერსიო ბატალიონი საგურამოში ხანმოკლე საწვრთნელი შეკრების შემდეგ სოხუმს გაფრინდა, საიდანაც ოჩამჩირეში გადაიგზავნა. აქ იყო მისი დისლოკაციის ადგილი. ირაკლი თითქმის ყოველდღე გადიოდა მტრის ზურგში, აგროვებდა სადაზვერვო მონაცემებს, იბრძოდა. მონაწილეობდა სოფელ ბესლახუბას გათავისუფლებაში, მონაწილეობდა მერკულას დაცვაში, სოფელ შრომის გათავისუფლებაში, ოხურეის დაცვაში, რევას აღებაში, ლაბრას დაცვაში, ოჩამჩირის დივერსიული ჯგუფის განიარაღება-დაკავებაში.
26 ოქტომბერს მტრის სადივერსიო ჯგუფთან შეტაკებისას დაიჭრა, მაგრამ ბრძოლა არ შეუწყვეტია. ამ ბრძოლისათვის გამოუცხადეს მადლობა და სახელმწიფო ჯილდოზე წარადგინეს.

სადესანტო-სადივერსიო ბატალიონის ყოფილი მეთაური – მიხო მორჩილაძე წერს:

,,ირაკლი ლამაზად იბრძოდა, გახსნილად იბრძოდა… თანამებრძოლებზე ზრუნავდა მუდამ. ეს ერთი შეხედვით ელემენტარული ამბავია, ეს ასეც უნდა იყოს ყოველთვის, მაგრამ ირაკლის სულში ყველა ეს თვისება ერთგვარი წესრიგით იყო თავმოყრილი. ირაკლი ისტორიული სარაინდო წიგნებიდან ფოტოგრაფიული სიზუსტით გადმოსული ის მამაცი მებრძოლი იყო, რომელმაც მთელი ფრონტის ხაზზე გასაკვირველი სახელი დაიდო სულ მოკლე ხანში. ირაკლი განსაცდელში ჩავარდნილი უცნობი ადამიანების სიცოცხლეს შეეწირა, – ფრანგი ჟურნალისტი უკვე უსაფრთხო ადგილას ჰყავდა გაყვანილი. ის, რაც ირაკლიმ გააკეთა – გმირობაა… მოკვდა ლამაზი და სუფთა სიკვდილით…“

ირაკლი გარდაიცვალა ტამიშთან, 17 ნოემბერს.

კომენტარის დატოვება