შალვა კერესელიძე: ჩვენი გუნდის მიმართ არნახული ზეწოლა დაიწყო – ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ გიორგი გახარიას ნამდვილად აქვს მაღალი რეიტინგი

ხმამაღლა და თამამად შეიძლება, ითქვას, რომ მართლაც არნახული ზეწოლები დაიწყო ჩვენი გუნდის წევრების მიმართ, ყველანაირ ფორმას იყენებენ – ოჯახის წევრების დაშინება, პირადი დაშინება, ადამიანები მოდიან შეშლილი სახეებით, ისე, რომ თქმაც კი არ უნდათ იმ სიმართლის, რის გამოც დაშინდნენ,- ამის შესახებ დეპუტატმა შალვა კერესელიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ქართულ ოცნებას“ 2012 წელს სწორედ ასეთი ფორმებით ებრძოდნენ და ქართველმა ხალხმა სწორედ ამიტომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. მაგალითად, გუდაურის მაჟორიტარობის კანდიდატი აიძულეს, რომ მოეხსნა კანდიდატურა, ისე, რომ ხმაც კი ვერ ამოიღო, იმდენად შეშინებული იყო. კი არ უნდა დაგეშინებინათ, გუდაურში ღირსეული კანდიდატი უნდა დაგეყენებინათ. თქვენს გუნდში არიან გულანთებული ახალგაზრდები, ვისაც ნამდვილად შეუძლია, გაუწიონ კონკურენცია, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ადამიანები გაწეულები არიან გვერდით. მინდა, ვუთხრა ჩვენს მხარდამჭერებს, რომ სულ რამდენიმე კვირაღა დარჩა და 2 ოქტომბერს ასეთი მიდგომები, ასეთი დამოკიდებულება ნამდვილად დასრულდება. კიდევ ერთი რამ მიკვირს – ხან 6% აქვს გიორგი გახარიას რეიტინგი, ხან 3%, ხან 2 %, ხან ამბობთ, რომ საერთოდ არ აქვს. თუ ასეთი დაბალი რეიტინგი აქვს, მაშინ რატომ არის საჭირო ასეთი ფორმების გამოყენება რეგიონებში და მუნიციპალიტეტებში. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ გიორგი გახარიას ნამდვილად აქვს მაღალი რეიტინგი, ხალხის ნდობა და ალბათ მართლაც გეშინიათ ჩვენი პარტიის“,- განაცხადა შალვა კერესელიძემ.