„პირდაპირ ამ სიტყვებით ვთქვი, დღეს კოვიდის თემა გახდა პოლიტიკოსებს შორის საჯილდაო ქვა-მეთქი, ეს ზეპოლიტიკური საკითხია” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღავანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს კორონავირუსის თემა პოლიტიკური საკითხი გახდა, რაც არასწორია.

მისივე  თქმით, მისი სიტყვების არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა და პოლიტიკური ელფერი შესძინეს.

„სხვანაირად გააკეთეს ინტერპრეტაცია იმისა, რაც მე ვთქვი ერთ-ერთ გადაცემაში. უმცირესობაში რომ ვთქვი, მე იქ რიცხობრივი უმცირესობა ვიგულისხმე, თორემ ექიმების სიტყვას სააკორდინაციო საბჭოზე ძალიან სერიოზული წონა აქვს. ჩვენ ყოველთვის უფრო რადიკალური ვართ, მაგრამ, სააკორდინაციო საბჭო სწორედ იმიტომ არის მულტისექტორული ორგანო, სადაც შედიან ფინანსური, ეკონომიკური, ქვეყნის ყველა მიმართულების წარმომადგენლები, სადაც იწონება ძალიან დეტალურად თითოეული რეკომენდაციისა, შეზღუდვისა თუ შემსუბუქების წონა და გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე.

დაიწყეს ჩემი გამონათქვამის შემდგომ პოლიტიკური ინტერპრეტაცია. იქ სხვანაირად ვთქვი მე, პირდაპირ ამ სიტყვებით – დღეს კოვიდის თემა გახდა პოლტიკოსებს შორის საჯილდაო ქვა-მეთქი, როდესაც ეს არის და ყოველთვის ამას ვამბობ, ეს არის ზეპოლიტიკური საკითხი. ყველამ უნდა დაივიწყოს კოვიდთან მიმართებაში პოზიცია, ოპოზიცია, იმის მომხრე, ამის მომხრე – დღეს ქვეყანას უტევს ყველაზე მძიმე და რთული მტერი, რთული მეოთხე ტალღა აქვს ქვეყანას. ამ დროს ერთიანდება მთელი ქვეყანა და არ არის საჭირო ლაპარაკი, შენ ამას რა ცუდად აკეთებ – მოდი და ჩემთან ერთად უკეთესად გააკეთე,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.