ლევან იოსელიანი – ორი მოწვევის პარლამენტისთვის 2%-იანი ბარიერი საუკეთესო ვარიანტია, თუმცა 3%-იან ბარიერსაც დაუჭერს მხარს, რადგან ის ხუთს სჯობს

პარტია „მოქალაქეების“ წევრის ლევან იოსელიანის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით დამტკიცებისთვის ოპოზიციური რესურსია საჭირო.

ამასთან, იოსელიანი ამბობს, რომ ორი მოწვევის პარლამენტისთვის 2-პროცენტიანი ბარიერი საუკეთესო ვარიანტია, თუმცა 3-პროცენტიან ბარიერსაც დაუჭერს მხარს, რადგან ის ხუთს სჯობს.

„საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით რომ გავიდეს, ამას ოპოზიციური რესურსი სჭირდება. ანუ, ოპოზიციური პარტიები უნდა დავეთანხმოთ. ამიტომ, მხოლოდ „ქართული ოცნები“ გადასაწყვეტი არ არის, რამდენი იქნება საარჩევნო ბარიერი. 2-პროცენტიანი ბარიერი არის ოპტიმალური გამოსავალი ამ ეტაპზე. თუმცა, 2,5 ან 3 პროცენტი რომ იყოს გრძელვადიანად, არ მიმაჩნია, რომ რაიმე პრობლემა იქნება.

ორი მოწვევის პარლამენტში 2-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი საუკეთესო ვარიანტი მგონია. ოპოზიციას ეს ცვლილება რომ არ მოსწონებოდა, მხარს არ დაუჭერდა. გენერალური პროკურორის ჩანაწერი მე არ მომწონდა, მაგრამ მეორე მხარეს უფრო მეტი სიკეთე იდო, ამიტომ ოპოზიციამ მხარი დაუჭირა. თუ 3-პროცენტიან საარჩევნო ბარიერს მხარს დაუჭერს „ნაციონალური მოძრაობა“, მეც დავუჭერ მხარს, რადგან 3-პროცენტიანი ბარიერი 5-პროცენტიანს სჯობს. ეს ის შემთხვევაა, როცა უნდა აირჩიო ნაკლებად კარგი და მეტად კარგი, ამ შემთხვევაში, ნაკლებად კარგის არჩევა მომიწევს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.