ეს არის ოცნების მერკანტინული მიზნებისთვის მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება – ალექსანდრე კობაიძე ,,ამნისტიის შესახებ” კანონზე

ეს არის ოცნების მერკანტინული მიზნებისთვის მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება – ამის შესახებ  პარტია ,,პროგრესული საქართველოს” ლიდერმა და უფლებადამცველმა, ალექსანდრე კობაიძემ ექსკლუზიურად ,,ჯიემთივისთან” საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, ,,ხელისუფლებამ ორჯერ მოატყუა პატიმრები, პატიმართა ოჯახები და ამ ქმედებაზე ადეკვატური პასუხი იქნება არჩევნებზე ,,ქართული ოცნების” საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილების მიღება”.

,,მივესალმები ზოგადად ამნისტიას. ნებისმიერი ქვეყანა, როდესაც ამნისტიას გამოსცემს მას ერთადერთი მიზანი აქვს ჰუმანურობა, შემწყნარებლობა, რაც არის დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპი. შესაბამისად, ჩემთვის, როგორც უფლებადამცველისთვის ეს მისაღებია, მაგრამ არა  იმ რაოდენობით, რაც 19-20 ივნისის მოვლებენთან დაკავშირებით გატარებულ ამნისტიაზე. როგორც იცით, ამნისტია შეეხო დაახლოებით 10 ადამიანს. ეს არ არის ამნისტია, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამას ვერ დავარქმევ სახელმწიფოებრივ  ჰუმანურობას და ადამიანის ბუნებაზე მორგებულ ქმედებას. ეს არის ოცნების მერკანტინული მიზნებისთვის მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება. სხვა დანიშნულება ამ ამნისტიას არ ჰქონია.

ჩვენ პატიმართა ოჯახებთან ერთად ვმართავთ აქციებს ყოველდღიურ რეჟიმში და ვითხოვთ, რომ ამნისტია უნდა შეეხოს ყველას, განსაკუთრებით პანდემიური ფონიდან გამომდინარე და ყველას უნდა დააკლდეს ერთი მეოთხედი სასჯელი. ჩვენი ამოცანა არ არის, რომ გავხსნათ ციხის კარი და ყველა გარეთ გამოვუშვათ. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ყველა პატიმარს დააკლდეს სასჯელის ერთი მეოთხედი.

წინა წელს, როდესაც ჩვენ გვქონდა მოთხოვნა, მოგვცეს პირობა რომ გამოუშვებდნენ საყოველთაო ამნისტიას, მაგრამ ეს არ გააკეთეს. ეს არ გააკეთეს არც ამ არჩევნებზე. ახლა უკვე ალბათ, დრო დადგა რომ ადეკვატური პასუხი გაეცეს პატიმებისგან, პატიმრის ოჯახებისგან და პრობაციონერებისგან ამ ყველაფერს და არავითარ შემთხვევაში ოცნების სასარგებლოდ არ მიიღონ არჩევნებზე გადაწყვეტილება. სახელმწიფომ ეს სოციალური ჯგუფი უკვე ორჯერ მოატყუა.

აქციას ვგეგმავთ 14 სექტემბერს, გარდა ამისა მომზადებული გვაქვს  კანონპროექტი. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, რომ მივაღწიოთ ფართომასშტაბიან, ჰუმანურ ამნისტიას,” – განაცხადა კობაიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა 20 ივნისთან დაკავშირებული ამნისტიის კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. დოკუმენტს მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, 15 წინააღმდეგი იყო.

კანონპროექტის თანახმად:

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა, სასჯელისაგან და პირობითი მსჯავრისგან თავისუფლდება ყველა ის პირი, რომელთაც დანაშაული 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა და ამნისტიის გავრცელებაზე უარი არ განუცხადებიათ.