ირაკლი კობახიძე – შსს ძალიან ეფექტიანად მუშაობს, ამას გომელაურმა მიგვაჩვია

ბოლო დროის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან ეფექტიანად მუშაობს, ამას ჩვენმა გომელაურმა მიგვაჩვია , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც დღეს ყვარელში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

აქვე, ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ბადრი ესებუას საქმემ დღევანდელ დანაშაულზე გარკვეული ეფექტი იქონია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ყველა მძევალი არის გათავისუფლებული და ყველაფერი მშვიდობით დასრულდა. ასევე დაკავებულია დამნაშავე, რომელმაც ძალიან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, ეს არის მთავარი.

ჩვენ მიჩვეული ვართ, ბოლო დროის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალიან ეფექტიან მუშაობს, მათ შორის, ოპერაციებიც ძალიან ეფექტიანად წარიმართება. ამას ჩვენმა გომელაურმა მიგვაჩვია და ესეც ამის მორიგი მაგალითი იყო. რაც შარშან მოხდა, შეიძლება იქონია იმ დანაშაულზე ეფექტი, რომელიც დღეს ვიხილეთ, მაგრამ სწორედ ამისათვის იყო მნიშვნელოვანი, რომ დღევანდელი ოპერაცია სრულად წარმატებით დასრულდა.

რაც შეეხება ესებუას დაკავებას, ამაზე გრძელდება მუშაობა და იმედი გვაქვს, რომ ახლო მომავალში ლოგიკურ დასასრულამდე მივალთ“, – განაცხადა კობახიძემ.