კახეთის რეგიონში, სრულად დასეტყვილ ვენახზე, ერთჯერად დახმარების თანხა, ჰექტარზე 3 000 ლარია

ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფლის რწმუნებულებთან გამართულ სამუშაო შეხვერაზე, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ და ყვარლის მერმა, როსტომ სესიაშვილმა სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის კომპენსაციის გაცემის დეტალები გააცნეს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სტიქიის მიერ მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის მინიმუმამდე შემცირების მიზნით, ფერმერებს, რომელთაც სეტყვის შედეგად სრულად გაუნადგურდათ ვენახები, სახელმწიფო ერთჯერადი  კომპენსაციის სახით, ჰექტარზე 3 000 ლარს გადაუხდის. ხოლო, ფერმერებს, რომელთაც უკვე ჩააბარეს დასეტყვილი მოსავალი და მათი შემოსავალი 3 000 ლარამდეა, სახელმწიფო დარჩენილ სხვაობას შეუვსებს. უნდა აღინიშნოს, რომ ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ ის დაზარალებული მევენახეეებიც, რომლებიც აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობენ“, – აღნიშნა ლაშა შალამბერიძემ.

ფერმერმა ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად, მიმდინარე წლის 20 სექტემბრამდე განცხადებით უნდა მიმართოს სოფლის განვითარების სააგენტოს კახეთის რეგიონულ სამსახურს და მუნიციპალურ ცენტრებს. განცხადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას: ვენახის დაზიანების შესახებ, ვენახის კოდს (მევენახის კადასტრის ამონაწერიდან), ვენახის მფლობელის სახელს, გვარს და პირად ნომერს საკონტაქტო ინფორმაციას.

ერთჯერადი დახმარების მისაღებად, ფიზიკურ პირს სეტყვით დაზიანებული ვენახი რეგისტრირებული უნდა ჰქონდეს ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის კადასტრის სისტემაში. „რთველის პერიოდში, კახეთში მომხდარ სტიქიას, ძლიერ ქარსა და სეტყვას, ხელისუფლებისგან მყისიერი რეაგირება მოყვა. გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები – მოხდა დაზიანებული ფართობების შესწავლა, დასეტყვილი ყურძნის ოპერატიულად და ორგანიზებულად ჩაბარებისთვის, რეგიონში არაერთი პუნქტი გაიხსნა. შემდეგი ეტაპი, დაზარალებული ფერმერებისთვის კომპენსაციების გაცემაა. ეს არის მნიშვნელოვანი დახმარება ფერმერებისათვის იმისთვის, რომ ზამთრის და საგაზაფხულო სამუშაოებისთვის მოემზადოს. აღსანიშნავია, რომ უკვე რამდენიმე წელია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგროდაზღვევის მნიშვნელოვან პროგრამას ახორციელებს. მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ჩვენს ფერმერებს, რომ ისარგებლონ აგროდაზღვევით, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება მათ, მსგავსი სტიქიების დროს, მინიმუმამდე შეამცირონ დანაკარგები”, – აღნიშნა ყვარლის მერმა, როსტომ სესიაშვილმა.