AstraZeneca-ს ვაქცინის ერთ-ერთი შემქმნელი: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა ყველა ადამიანისთვის საჭირო არ არის

AstraZeneca-ს ვაქცინის ერთ-ერთი შემქმნელი, პროფესორი სარა გილბერტი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა ყველა ადამიანისთვის საჭირო არ არის.

„თითოეულ სიტუაციას განვიხილავთ. დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირები და მოხუცები გამაძლიერებელ დოზას მიიღებენ. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ გამაძლიერებელი დოზა ყველამ უნდა მიიღოს. ადამიანთა უმრავლესობას იმუნიტეტი კარგად უნარჩუნდება“, – აღნიშნა ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა.

მანამდე დიდი ბრიტანეთის მედიცინისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ განაცხადა, რომ ვაქცინების მესამე დოზის გამოყენება უსაფრთხოა, თუმცა ვაქცინაციისა და იმუნიზაციის ერთობლივ კომიტეტს აღნიშნულთან დაკავშირებით რეკომენდაცია ჯერ არ გაუცია.