კვლევამ დაადგინა, რომ არავაქცინირებული ადამიანების კორონავირუსით გარდაცვალების ალბათობა 11-ჯერ უფრო მაღალია – აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) განცხადებით, მათ ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ არავაქცინირებული პირების კორონავირუსით გარდაცვალების ალბათობა 11-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე სრულად აცრილი ადამიანების შემთხვევაში.

კვლევით, რომელიც 13 შტატის 600 000-ზე მეტ ადამიანს მოიცავდა, დადგინდა, რომ არავაქცინირებული პირების ჰოსპიტალიზაციის რიცხვი ათჯერ უფრო მეტია, რაც ცენტრის განცხადებით, ხაზს უსვამს, იმას რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ადამიანებს სიკვდილისა და ჰოსპიტალიზაციისგან იცავს.

„როგორც ჩვენი კვლევების შედეგად დადგინდა, ვაქცინები მუშაობს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაციის მაჩვენებლების გასაზრდელად, ადგილობრივ საზოგადოებებთან თანამშრომლობით, რათა ვაქცინების მიმართ ნდობა კიდევ უფრო ამაღლდეს და ადამიანებს ჰქონდეთ ინფორმაცია გადაწყვეტილების მისაღებად. აცრა დაიცავს ჩვენს შვილებს და საშუალებას მისცემს მათ, სკოლებში დარჩნენ უსაფრთხო პირობებში“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა, როშელ ვალენსკიმ.