გიორგი გახარიამ გლდანში ნათია მეზვრიშვილი წარადგინა – ნათია არის ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი, წარმატებული ადამიანი, რომელიც ქართულ სახელმწიფოს ღირსეულად ემსახურებოდა ყველა ეტაპზე

ნათია არის ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი, წარმატებული ადამიანი, რომელიც ქართულ სახელმწიფოს ღირსეულად ემსახურებოდა ყველა ეტაპზე, – ამ სიტყვებით წარუდგინა გიორგი გახარიამ გლდანის მოსახლეობას პარტია „საქართველოსთვის“ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ნათია მეზვრიშვილი.

„ერთი რამ უნდა იცოდეთ – თქვენ არ იცით მისი ერთგულების ხარისხი – თავზე გადაგყვებათ, არ გავა აქედან და დამიჯერეთ, ბევრი რამ შეუძლია“, – მიმართა გიორგი გახარიამ გლდანელ მხარდამჭერებს.

„პარტიულობას მისთვის მნიშვნელობა არასოდეს არ ჰქონდა. ისევე, როგორც, სანამ ჩემი პარტია ჩემს სახელმწიფოს ემსახურება, რა თქმა უნდა, მე მის რიგებში ვარ. როგორც კი პარტია ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენებს თავის პარტიულ ინტერესებს სავარძელს, ფულის კეთებას – რა თქმა უნდა, სახელმწიფოსი და ქვეყნის ერთგულების ფიცი მაქვს დადებული და არა პარტიის. იგივე ეხება იმ პარტიასაც, რომელსაც ჩვენ დღეს ვაყალიბებთ. არავის ექნება ვალდებულება, იყოს ამ პარტიის ერთგული, თუ პარტია თავის პარტიულ ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენებს“, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ.

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა ქვეყნის ინტერესების გარშემო განსხვავებულ პოლიტიკურ ძალებს შორის ეროვნული თანხმობის არსებობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„ამ ქვეყანაში ნებისმიერი პოლიტიკური ძალის გამარჯვება აუცილებლად ნიშნავდა მისი კონკურენტის საბოლოო და ბოლომდე განადგურებას. ეს უნდა დამთავრდეს. 30 წლის განმავლობაში, აი, ასე ვანადგურეთ ერთმანეთი და ყველა ჯერზე ვიწყებდით ქვეყნის შენებას ნულიდან. ეს ჩვენი ძალიან დიდი პრობლემაა და ამიტომ ვთქვით ჩვენ, რასაც ზოგიერთები ვერ მიხვდნენ, რომ ვერთიანდებით, მაგრამ არავის წინააღმდეგ. ქართველები ერთმანეთს კი არ უნდა ვეომოთ, ვლანძღოთ და ვაგინოთ – არამედ ერთმანეთს უნდა მივეხმაროთ, რომ ნორმალური, ჯანსაღი, წარმატებული, სამართლიანი სახელმწიფო ავაშენოთ. იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ბევრ რამეზე სხვადასხვა შეხედულება გვქონდეს, ხომ არსებობს რაღაც ზეპარტიული საკითხები, რაზეც უნდა გავერთიანდეთ – მაგალითად, ოკუპაცია, პანდემიასთან ბრძოლა, ევროპული მომავალი – ეს მაინც ავიღოთ საფუძვლად, რადგან ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს განსაზღვრავს ორი საკითხი: პირველი, ეს არის ჩვენი ისეთი შიდა მოწყობა, რომ ერთმანეთი არ უნდა დავხოცოთ გინებით, ლანძღვით. ერთმანეთს შეიძლება არ დავეთანხმოთ, მაგრამ არის საკითხები, რაზეც ყოველთვის უნდა შევთანხმდეთ, ამის უნარი უნდა გვქონდეს. და მეორე – ჩვენი ევროპული მომავალი – სხვანაირად ჩვენ გაგვიჭირდება ძლიერი, სამართლიანი და თანამედროვე სახელმწიფოს აშენება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიამ მხარდამჭერებთან გლდანისა და თბილისის განვითარების პრობლემებზეც ისაუბრა და უბნებსა და რაიონებს შორის რესურსებისა და ყურადღების სამართლიანად განაწილების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ჩვენ ერთი რამ უნდა გვესმოდეს – თბილისელებმა საკუთარი უფლებები უნდა გავითვითცნობიეროთ. შეკითხვაც უნდა დავსვათ, უნდა მოვთხოვოთ კიდეც. მომთხოვნი უნდა იყოთ – ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ რაღაც გვეშლება უნდა გვითხრათ, რომ გვეშლება და მე ასე არ ვფიქრობო. თუ რაღაცაში ვთანხმდებით – მაშინ ერთად უნდა მოვკიდოთ ხელი, წავიდეთ და გავაკეთოთ. თუ ვიღაცას ვერ ვეთანხმებით – კი არ უნდა ვლანძღოთ და ზღაპრები და ტყუილები კი არ უნდა მოვიფიქროთ – უნდა დავსხდეთ და ვილაპარაკოთ. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ – ეს ქალაქი არის ჩვენი, ამ ქალაქის ბიუჯეტიც გვეკუთვნის ჩვენ და ვიღაც რომ გვამადლის სოციალურ დახმარებას – იქით შეგვიძლია დავამადლოთ ხელფასი“, – განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა გლდანის მოსახლეობასთან შეხვედრისას.