ტესტირება განსაზღვრული სამიზნე ჯგუფებისთვის კვლავ უფასოა და ამ კუთხით არაფერი შეცვლილა – გიორგი ღიბრაძე

უკვე ფუნქციონირებს სპეციალური აპლიკაცია, რომელიც მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, მიიღონ ინფორმაცია მათი კოვიდთან დაკავშირებული სტატუსის შესახებ, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ტესტირება მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფებისთვის კვლავ უფასოა და ამ კუთხით არაფერი შეცვლილა.

„უკვე ფუნქციონირებს სპეციალური აპლიკაცია, რომელიც მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, მიიღონ ინფორმაცია მათი კოვიდთან დაკავშირებული სტატუსის შესახებ. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საჯარო სამსახურებში მაქსიმალურად ნარჩუნდება დისტანციური სამუშაო რეჟიმი და ანალოგიური რეკომენდაციით მიმართავს საბჭო კერძო სექტორს; ასევე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ტესტირება მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფებისთვის კვლავაც უფასო და ამ კუთხით არაფერი შეცვლილა. მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულია კონკრეტული სამიზნე ჯგუფები. მოგეხსენებათ, ეს ძალიან დიდი ხნის მანძილზე ასე მიმდინარეობს. ვისაც აქამდე უტარდებოდა უფასოდ როგორც „პისიარ“, ისე ანტიგენ ტესტი, კვლავ გაგრძელდება მათთვის უფასო ტესტის ჩატარება“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.