ირაკლი ხმალაძე: კახა კალაძის არჩევის შემთხვევაში, მეტროს 40 ვაგონი დაემატება, 52 – კაპიტალურად შეკეთდება, 10 მეტროსადგური რეაბილიტირდება

თბილისის მერად „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატის კახა კალაძის მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში, თბილისის მეტროს 40 ახალი ვაგონი დაემატება, 52 ვაგონი კაპიტალურად შეკეთდება, ხოლო 10 მეტროსადგური სრულად რეაბილიტირდება, – ამის შესახებ ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ დღეს სატრანსპორტო პოლიტიკის ძირითადი პროგრამების პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში, თბილისის მეტროს დაემატება 40 ახალი ვაგონი, კაპიტალურად შეკეთდება 52 ვაგონი, გაუმჯობესდება უსაფრთხოების დონე, „ახმეტელი-ვარკეთილის“ ხაზზე კი მგზავრთტევადობა 25%-ით გაიზრდება.

გარდა ამისა, მისი თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) მიმდინარეობს მუშაობა და დასრულდება პროექტი, რომლის ფარგლებშიც უნდა განხორციელდეს მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროგრამა. ხმალაძის განმარტებით, ეს არის 60 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი, რომლის ფარგლებში, სრული რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს 10 მეტროსადგურს. ესენია: „გურამიშვილი“; „სადგურის მოედანი“ 1,2,3; „სარაჯიშვილი“; „მარჯანიშვილი“; „თავისუფლების მოედანი“; „300 არაგველი“; „რუსთაველი“; „ისანი“; „წერეთლის გამზირი“; „ნაძალადევი“.

ამასთან, როგორც პრეზენტაციაზე ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, შეღავათიანი და კომფორტული მგზავრობის მიზნით, ამოქმედდება ვადიანი სამგზავრო აბონემენტების სისტემა: ერთკვირიანი, ერთთვიანი, ექვსთვიანი და ერთწლიანი.

თბილისის ვიცე-მერმა სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით დაგეგმილი პროექტების ფარგლებში, საბაგიროსთან დაკავშირებულ გეგმებზეც ისაუბრა.

მისი თქმით, მოეწყობა ორი ახალი საბაგირო დერეფანი: ისანი – მეტრომშენი – ვაზისუბნის ტერიტორიული დაფარვით და სარაჯიშვილი – ზღვისუბნის ტერიტორიული დაფარვით. მათი მშენებლობა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დასრულდება.