როდესაც გვინდა, ჩვენმა ბავშვებმა სკოლებში იარონ, კეთილი ინებონ მშობლებმა და აიცრან – ამირან გამყრელიძე 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კერძო და საჯარო სკოლებში ორჯერადად ვაქცინირებულ პირთა რაოდენობა 50%-ზე დაბლაა.

მისივე თქმით, ოქტომბერში სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებისთვის მხოლოდ პედაგოგების აცრა არ არის საკმარისი, უსაფრთხო გარემოსათვის საჭიროა, ასევე სკოლის მოსწავლის ოჯახის ყველა წევრი იყოს აცრილი.

„ჩვენ გასულ კვირას სერიოზულად შევისწავლეთ როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში აცრის მაჩვენებელი, ერთჯერადი და ორჯერადი აცრის მაჩვენებელი. არსად ამ კუთხით მაჩვენებელი 100 პროცენტი არ არის. ასევე, პირდაპირ გეტყვით, რომ კერძო და საჯარო სექტორს შორის აცრების მაჩვენებელში განსხვავება არის მხოლოდ 5-7 პროცენტის ფარგლებში. ორივეგან ორჯერადად აცრილთა პროცენტული მაჩვენებელი არის 50 პროცენტს დაბლა. საშუალოდ ზოგიერთ დაწესებულებაში ერთჯერადად აცრილთა მაღალი მაჩვენებელი არ არის. ამიტომ ჩვენი რეკომენდაციაა, ეს კვირა, მომავალი კვირა გამოიყენონ, რადგან ოქტომბერში სწავლა აუცილებლად უნდა დაიწყოს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ადასტურებს მზაობას, რომ ყველამ თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერი გააკეთოს, რათა სწავლა აღდგეს. სასურველია, სკოლებში აცრის მაჩვენებელი იყოს 80 პროცენტი. ამავე დროს, ანგარიშგასაწევი იქნება ის ფაქტორი, რამდენ ადამიანს აქვს გადატანილი ინფექცია. როდესაც გვინდა, რომ ჩვენმა ბავშვებმა სკოლებში იარონ, კეთილი ინებონ მშობლებმა და აიცრან. ასევე, ბავშვის თითოეულმა ოჯახის წევრმა – ბებია, ბაბუა აუცილებლად უნდა იყვნენ აცრილი. ამ შეთხვევაში, რა თქმა უნდა, აუცილებლად განიხილება სწავლის აღდგენა და აუცილებლად უნდა აღდგეს სწავლა საკლასო ოთახებში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.