სააკაშვილის მხრიდან სიტყვას კონტროლი უნდა, ჯარის ინსტიტუტის მიმართ მეტი პატივისცემაა საჭირო – დავით სერგეენკო

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ქართული ჯარის მიმართ მეტი პატივისცემაა საჭირო.

მისივე თქმით, ჯართან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადება ამ ინსტიტუტის უპატივმცემლობაა.

„ჩემი პროფესია არ არის მენტორობა, რომ ამ ადამიანს მივუთითო, საკუთარი აზრი სიტყვათა რა წყობით წარმოთქვას, მაგრამ როგორც საქართველოს მოქალაქე, ვალდებული ვარ, ჩემი პატივისცემა დავაფიქსირო ჯარის მიმართ. ის ოფიცრები, რომლებიც ჯარში მსახურობენ, ისევ აგრძელებენ სამსახურს იმ პერიოდიდან, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი ტილიან ჯარს ეძახის. სიტყვას კონტროლი უნდა, მეტი პატივისცემაა საჭირო ამ ინსტიტუტის მიმართ. მისი მხრიდან ეს სულ მცირე უპატივცემულობაა. არ შეიძლება, ასეთი სიტყვათა წყობით ჯარს მიმართო“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეოში სამხედროებს მიმართა. „საქართველო არის გადასარჩენი, მოგმართავთ სამხედრო მოსამსახურეებს, უნდა მოვემზადოთ სამოქალაქო ვალის შესასრულებლად, თქვენი პატრიოტიზმის იმედი მაქვს”.