დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ ყველას უსმენს, ვისაც შეუძლია, საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, მათ შორის ეკლესიის შიგნითაც – სალომე სამადაშვილი

არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ხელისუფლება აწარმოებს ტოტალურ მიყურადებას, მოსმენას, ჩაწერას, თვალთვალს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

„გახსოვთ, რომ პარლამენტმა ე.წ. მოსმენების შესახებ კანონი მიიღო, რომელსაც ვეტო მაშინდელმა პრეზიდენტმა დაადო, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ გადალახა, რომლისთვისაც მოსმენა არის მთავარი პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი. ეკლესიას საკმაოდ მაღალი საზოგადოებრივი გავლენა აქვს და „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანი ინსტიტუციაა, რომ აკონტროლოს და საკუთარ პოლიტიკურ მოკავშირედ ჰყავდეს.

დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ ყველას უსმენს, ვისაც შეუძლია, საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, მათ შორის ეკლესიის შიგნითაც. ის, რომ „ქართული ოცნება“ მოსმენებს აწარმოებს, ამაში არაერთხელ დავრწმუნდით, მათ შორის სახალხო დამცველმა ხელისუფლებამ ჩემს შემთხვევაში მიმართა, როცა არაკანონიერად მიყურადებისა და თვალთვალის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია გამოქვეყნდა. მაშინ, ამ საქმეზე გამოძიება არავის დაუწყია, რადგან „ქართული ოცნება“ საკუთარ თავს და სუს-ს ვერ გამოიძიებს, რომელიც პირდაპირ გადაქცეულია პოლიტიკური მართვის ინსტრუმენტად ჩვენს ქვეყანაში, როგორც ეს ტოტალიტარულ სახელმწიფოებში ხდება. ეს აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ არის გაკოტრებული პოლიტიკური ძალა და ასეთი მეთოდებით ცდილობს, ძალაუფლების შენარჩუნებას, რაც არ გამოუვათ“,- განაცხადა სამადაშვილმა.

ვრცელდება სავარაუდოდ, სუს-ის თანამშრომლის მიერ  გამოქვეყნებული  ფაილები, რომელიც პირდაპირ საპატრიარქოს და რიგი სასულიერო პირების წინააღმდეგ არის მიმართული. ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ მღვდელმთავარს საყვარელი ჰყავდა, სასულიერო პირი მას უთვალთვალებდა, ორივეს ერთად კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსმენდა.