ლევან იოსელიანი – სააკაშვილმა უარი თქვა იმ ქვეყნის მოქალაქეობაზე, რომლის ჯარის მთავარსარდალიც იყო, ამით ყველაფერი ნათქვამია

მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა იმ ქვეყნის მოქალაქეობაზე, რომლის ჯარის მთავარსარდალიც იყო, ამით ყველაფერი ნათქვამია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილისთვის არ არსებობს ფაქტორი, რომელსაც ის საკუთარი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად არ გამოიყენებს.

„საერთოდ, მას აქვს თუ არა უფლება, ჯარს მიმართოს, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა. სააკაშვილისთვის არ არსებობს ფაქტორი, რომელსაც ის საკუთარი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად არ გამოიყენებს. მისთვის ყველანაირი მოცემულობა მისაღებია და ის ამ თვალსაზრისით კლასიკური მაკიაველისტია“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა,  მიხეილ სააკაშვილმა მიმართა სამხედრო მოსამსახურეებს, მოემზადონ სამოქალაქო ვალის შესასრულებლად.

„საქართველო არის გადასარჩენი, მოგმართავთ ჩვენს საამაყო სამხედრო მოსამსახურეებს, მაგრამ პირველ რიგში, როგორც მოქალაქეებს, ყველა უნდა მოვემზადოთ სამოქალაქო ვალის შესასრულებლად არჩევნებზე აქტიურად მონაწილეობისთვის, თქვენი პატრიოტიზმის იმედი მაქვს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.