არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ვინმეს უსმენენ, თუმცა მახსოვს წლები, როდესაც ცოლი ქმარს ვერ ელაპარაკებოდა და მეგობარი მეგობარს – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს ვინმეს უსმენენ.

მისივე თქმით, იყო წლები, როცა ძალიან ბევრ ადამიანს უსმენდნენ.

„მე ამასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე ვიღაცას უსმენს. ის წლები მახსოვს, როდესაც ძალიან ბევრ ადამიანს უსმენდნენ და შინ ცოლი ქმარს ვერ ელაპარაკებოდა, მეგობარი მეგობარს ვერ ელაპარაკებოდა. ეს წლები მახსოვს. თუ ახლაც არსებობს ასეთი რაღაცები, ძალიან ცუდია, არ მივესალმები ამას, მაგრამ არ მაქვს ამასთან დაკავშირებით მტკიცებულებები, რომ ეს ახლაა გაკეთებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ვრცელდება სავარაუდოდ, სუს-ის თანამშრომლის მიერ  გამოქვეყნებული  ფაილები, რომელიც პირდაპირ საპატრიარქოს და რიგი სასულიერო პირების წინააღმდეგ არის მიმართული. ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ მღვდელმთავარს საყვარელი ჰყავდა, სასულიერო პირი მას უთვალთვალებდა, ორივეს ერთად კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსმენდა.