გურამ მაჭარაშვილი – ოპოზიციამ ვერ მოისვენა და ვერ აიტანა, რომ სახელმწიფოს და ქართულ ეკლესიას აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და რაღაც ფაბრიკაციებს მიმართა

ოპოზიციამ ვერ მოისვენა და ვერ აიტანა, რომ სახელმწიფოს და ქართულ ეკლესიას აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და რაღაც ფაბრიკაციებს მიმართა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც სუს-ის მიერ სასულიერო პირების მოსმენის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციას სურს ეს ურთიერთობები დააზიანოს.

„თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ მრავალი ასეული წლის ურთიერთობა საერო და სასულიერო ხელისუფლებას შორის ნამდვილად არ დაზიანდება. ამის მამტკიცებელი საბუთები არ არის საჭირო მოვიძიოთ, რადგან სულ რამდენიმეთვიანი ინტერვიუები რომ ამოვიღოთ ჩვენი ოპონენტების, მგონი ისინი, პირდაპირ, საჯაროდ ლანძღავენ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას და სასულიერო პირებს, არათუ აკრიტიკებდნენ, არამედ პირდაპირ ლანძღავდნენ და დისკრედიტაციას უწევდნენ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას,”- განაცხადა მაჭარაშვილმა.