მამუკა მდინარაძე ე.წ. სუს-ის ჩანაწერებზე: ვიხილეთ მორიგი თავდასხმა სახელმწიფოსა და ეკლესიაზე

13 სექტემბერს გავრცელებულ, სავარაუდოდ, სუს-ის ჩანაწერების შესახებ ბრიფინგი გამართა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ ე.წ. სუს-ის ჩანაწერები შეაფასა ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო კამპანიის გაგრძელებად.

„ნაციონალური მოძრაობის” და მისი კუთვნილი ტელეკომპანიების მხრიდან ვიხილეთ მორიგი თავდასხმა სახელმწიფოსა და ეკლესიაზე, ვიხილეთ სახელმწიფოსა და ეკლესიის დაპირისპირების კიდევ ერთი წარუმატებელი მცდელობაც.

სააკაშვილი, ბოკერია, გვარამია, მელაძე და ჩვენი დროის სხვა ბოლშევიკები უკვე დიდი ხანია ცდილობენ ჩვენი ეროვნული იდენტობის საფუძვლების შერყევას, თავს ესხმიან სახელმწიფოსა და ეკლესიას, თუმცა, მათი ყველა ეს მცდელობა წარუმატებლობისთვის არის განწირული. ქართულმა სახელმწიფომ და ეკლესიამ მრავალი საუკუნის მანძილზე გაუძლო მრავალი იმპერიის შეტევას და ბუნებრივია, ამ სასოწარკვეთილი ნეობოლშევიკების შეტევასაც გაუძლებს და მათთან გამკლავებაც არ გაუჭირდება.

ფარული თვალთვალი და მოსმენა, ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევა, ინფორმაციის ფაბრიკაცია და ცრუ ბრალდებების „შეკერვა“, ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაკეთებული ჩანაწერების ოპოზიციაში ყოფნის დროს გამოქვეყნება, უკვე წლებია ამ პოლიტიკური ძალის ხელწერად იქცა. თუმცა, ამ მეთოდებით მათ ვერც სახელმწიფოს და ვერც ეკლესიის დისკრედიტაცია ვერ შეძლეს. ეს მათ არც მომავალში გამოუვათ”, – ამბობს „ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარე.

მმართველი პარტიის წევრი აცხადებს, რომ ქართული სახელმწიფო, საქართველოს ხელისუფლება და ქართული საზოგადოება დგანან და იდგებიან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რეპუტაციის სადარაჯოზე.

ცნობისთვის, ინტერნეტსივრცეში 12 სექტემბერს, გვიან, გამოჩნდა დოკუმენტები. საუბარია სამი ათასამდე დოკუმენტზე, რომელიც საპატრიარქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირების საქმიანობასა და პირად ცხოვრებას შეეხება. ვებგვერდის ბმული, რომელზეც ფაილები იყო განთავსებული, მედიებს გაეგზავნა სათაურით “სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ”.