იაგო ხვიჩია – სპეცსამსახურები დაბადებიდან გვისმენენ, რადგან საბჭოთა კავშირის მემკვიდრე ვართ, ვიმართებით სპეცსამსახურების მიერ, მმართველობის ამ სტილზე უარი ვერ ვთქვით

ამ ქვეყანაში აქამდეც გვისმენდნენ და ვიდრე ადამიანებს დაგვაინტერესებს სხვისი პირადი ცხოვრება, მანამდე ასეთს სულ გადაიღებენ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალის გავრცელების შესახებ განაცხადა.

ამასთან, აიგო ხვიჩია ამ პროცესში მონაწილე ყველა ადამიანს ურჩევს, პროცესიდან სასწრაფოდ გავიდეს.

„მგონი, ამ ქვეყანაში რაც დავიბადეთ, სპეცსამსახურები მას შემდეგ გვისმენენ, რადგან საბჭოთა კავშირის მემკვიდრე ვართ და როგორც საბჭოთა კავშირი იმართებოდა „კაგებეს“ მიერ, ასე ვიმართებით სპეცსამსახურების მიერ. მმართველობის ამ სტილზე უარი ვერ ვთქვით. ახლა უბრალოდ წინასაარჩევნოდ დადგა სიტუაცია, როცა „ქართული ოცნების“ მიერ გადაღებული კადრები დადგა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, რადგან იცით, „ქართულ ოცნებასა“ და ეკლესიას შორის როგორი თბილი ურთიერთობები იყო ბოლო პერიოდში. უცებ აღმოჩნდა, რომ მთელ ეკლესიას უსმენს სუს-ის ხალხი. ავთენტურობას დაველოდები, მაგრამ ისეთი რაღაცებია მოსმენილი და ნათქვამი, რომ დარწმუნებული ვარ, ეს ხალხი თავად მიხვდება, რომ უსმენდნენ. აქედან გაკვეთილს გამოვიტანთ თუ არა, ეს იქნება მთავარი კითხვა.

ფაქტია, ამ ქვეყანაში აქამდეც გვისმენდნენ და სანამ ადამიანებს დაგვაინტერესებს სხვისი პირადი ცხოვრება, მანამდე ასეთს სულ გადაიღებენ. ამის მიუხედავად, ამ ქვეყანაში რაღაც შეიცვლება. ეს კონფიგურაცია ყოველთვის ვერ იქნება და ნებისმიერ ადამიანს ვურჩევდი, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს, ამ პროცესიდან სასწრაფოდ გავიდეს, რადგან ეს ისეთი სახის დანაშაული იქნება, როცა ერთმანეთს ყველაფერი შეიძლება, ვაპატიოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში, რომ მინდოდეს, ვინმეს რამე ვაპატიო, მოვა დრო და ამ ხალხის დაკავებას მოითხოვენ, რადგან პირადი ცხოვრების იმდენად ინტიმურ თემებს ეხება. როცა დეპუტატები ასეთი სახის მმართველობისგან გათავისუფლდებიან, რთული იქნება ისინი დაარწმუნო, რომ იმის დაკავება არ მოითხოვოს, ვინც ეს გაუკეთა თავის დროზე. ამას ეკლესიაც მოითხოვს და ყველასთვის შარი იქნება. უნდა დავფიქრდეთ, გვინდა თუ არა ერთმანეთის საწოლში ყურება და ა.შ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალა გავრცელდა. ის ცალკეულმა ტელეკომპანიებმა ეთერითაც გადასცეს. გავრცელებული ფაილები ცალკეული სასულიერო პირების პირად ცხოვრებას ეხება. ფაილები შეიცავს არასრულწლოვანთა შესახებ ინფორმაციასაც.