გურამ მაჭარაშვილი – მეგის ქარდავას ქართულმა მართლმსაჯულებამ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა, ევროპულმა სასამართლომ ის დანაშაულში ამხილა, მისი ექსტრადირება ბუნებრივია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ არაერთი დანაშაულის გამო მეგის ქარდავას ქართულმა მართლმსაჯულებამ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.

მისივე თქმით, ქარდავა დანაშაულში ამხილა ევროპულმა სასამართლომაც. როგორც მაჭარაშვილი ამბობს, ამ ფონზე მეგის ქარდავას ექსტრადირება ბუნებრივია.

„მეგის ქარდავას შემთხვევაში ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ მოქალაქე ადრე თუ გვიან პასუხს აგებს მართლმსაჯულების წინაშე თავისი დანაშაულის გამო. მეგის ქარდავას ქართულმა მართლმსაჯულებამ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა არაერთ დანაშაულზე. ევროპულმა სასამართლომ მეგის ქარდავა და სააკაშვილის ხელისუფლება სისტემურ დანაშაულში ამხილა. ბუნებრივია, მისი ექსტრადირება და პასუხისგება მოხდებოდა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა მეგის ქარდავამ 11 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინიდან საქართველოში მისი ექსტრადირება დაჩქარებულად იგეგმება. ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელიც „ფეისბუქზე“ მეგის ქარდავას სახელით მისმა მეუღლემ გამოაქვეყნა. ამასთან, მეგის ქარდავა განცხადებაში სახალხო დამცველს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, დაიცვან მისი უსაფრთხოება.