ნათია მეზვრიშვილი გავრცელებულ მასალებზე – ნორმალურ პირობებში სახელმწიფო უწყებები ამაზე უნდა რეაგირებდნენ, გამოძიებას უნდა იწყებდნენ, მაგრამ მე ამის იმედი არ მაქვს

ნორმალურ პირობებში სახელმწიფო უწყებები ამაზე უნდა რეაგირებდნენ, გამოძიებას უნდა იწყებდნენ, მაგრამ მე ამის იმედი არ მაქვს – ამის შესახებ პარტიის „საქართველოსთვის“ წევრმა ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

ისივე თქმით,  როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან უკანონო ინფორმაცია გარეთ გამოდის, ნიშნავს იმას, რომ „ქვეყანაში ელემენტარული ლოკალური კრიზისის შემთხვევაში, სუს-ს არც კომპეტენცია და არც რესურსი არ ექნება, რომ რეაგირება მოახდინოს“.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მანდატი გახლავთ ფარული მოსმენა-მიყურადება, მაგრამ ყველაფერი უნდა ხდებოდეს მიზნობრივად სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ან უნდა ხდებოდეს დანაშაულის პრევენციისთვის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის და ა.შ. კანონში პირდაპირაა გაწერილი კონკრეტული საფუძვლები და არავითარ შემთხვევაში პირადი კომუნიკაციების მიყურადება და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის დაფიქსირება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან, რასაც არანაირი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს იმ მიზნებთან, რაც ჩამოვთვალე. ეს ყველაფერი მიუღებელია.

მეორე საკითხია გზა, წყარო, რომლითაც ეს ინფორმაცია, თუ ის ავთენტურია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოდის. როდესაც ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუტებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ამას ვგულისხმობთ, როდესაც მოქალაქეები ხედავენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ამ დოზით უკანონო ინფორმაცია გარეთ გამოდის, ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს რომ ქვეყანაში ელემენტარული ლოკალური კრიზისი მოხდეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ ექნება არც კომპეტენცია, არც რესურსი, რომ ამაზე რეაგირება მოახდინოს.

მდინარაძე რომ გვეუბნება, რომ მოდელირებულია, ვიღაც გვეუბნება, რომ არ ვიცით, ავთენტურია თუ არა – ცოტა პასუხისმგებლიანი განცხადებები ხომ უნდა გავაკეთოთ. დღეს რომ რეალურად სახელმწიფო ინსტიტუტები იმ დღეში არ ჰყავდეს „ოცნების“ დღევანდელ ხელმძღვანელობას, როგორ დღეშიც ყავს და დღეს რეალურად რა დოზის გავლენაცაა ძალოვან უწყებებზე, ეს უწყებები თავის ძირითად ფუნქციას ვერ ახორციელებენ იმიტომ, რომ პარტიული დავალების შესრულებით არიან დაკავებულები, წესით რეაგირება უნდა ხდებოდეს და ეს უწყებები, საზოგადოებას უნდა ეუბნებოდნენ, საიდან მოდის ეს ყველაფერი, რომ სპეკულაციები დასრულდეს. ნორმალურ პირობებში სახელმწიფო უწყებები ამაზე უნდა რეაგირებდნენ, გამოძიებას უნდა იწყებდნენ, მაგრამ მე ამის იმედი არ მაქვს.

პოლიტიკური ცხოვრების ყველზე მძიმე პერიოდშიც კი, 15 წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას გამოძიება არ დაეწყოს, არ მახსენდება. 2018 წელს 30-მდე ფაქტი იყო, ზოგი ფსიქოლოგიური ძალადობის, ფიზიკური ძალადობის, ქონების დაზიანების პოლიტიკური ნიშნით, ჩვენ ამაზე არათუ გამოძიება დავიწყეთ, დევნა დაიწყო, კონკრეტული განაჩენები დადგა, მათ შორის იყვნენ „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები, მათი მხარდამჭერები, ეს შერჩევითობა არ იყო. მახსოვს, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ანგარიშები, სადაც შავით თეთრზე ეწერა, რომ ამაზე ძალოვანმა უწყებებმა რეაგირება მოახდინეს. ეკლესიაზე ერთგვარი შეტევაა და ეს არაა კარგი“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.