ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გახარიას აქვს “უტყუარი ინფორმაცია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დაგეგმილ პროვოკაციაზე”, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე მიზნად ისახავს ბიუროს დისკრედიტაციას – სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო “საქართველოსთვის” თავმჯდომარეს გიორგი გახარიას პასუხობს.

როგორც ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოს მას აქვს “უტყუარი ინფორმაცია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დაგეგმილ პროვოკაციაზე”, ყოველგვარი მტკიცებულებისა და ფაქტობრივი მოცემულობის გარეშე არის უაღრესად დამაზიანებელი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუციის მიმართ და მიზნად ისახავს ბიუროს და მისი თანამშრომლების დისკრედიტაციას.

ბიუროში აცხადებენ, რომ ნარკოლოგიური გამოკვლევა საერთაშორისო სტანდარტით ტარდება და გამოიყენება ბიოლოგიური მასალა, რომლის მეშვეობითაც დადგენილი ფაქტი ყველაზე ინფორმაციული და უტყუარია.

ბიოლოგიური ნიმუშის გამოკვლევა და დასკვნის გაცემა ხდება გამოსაკვლევი პირის თანდასწრებით.

ბიურო ასევე განმარტავს თმის ღერით ნარკოლოგიური კვლევის ჩატარების საკითხს და აცხადებს რომ ამ მეთოდით შესაძლებელია არ აღმოჩნდეს გამოსაკვლევ პირში ნარკოტიკული საშუალება თუმცა ის იყოს მომხმარებელი, რადგან თმის ღერიდან აღებულ ნიმუშზე ამის აღმოჩენა დამოკიდებულია მოხმარებული ნივთიერების რაოდენობასა და ხანდაზმულობაზე.