შალვა პაპუაშვილი – მეგის ქარდავა დანაშაულებრივი სისტემის ერთ-ერთი სახეა და მის მიმართ განაჩენები უნდა აღსრულდეს

მეგის ქარდავა დანაშაულებრივი სისტემის ერთ-ერთი სახეა და მის მიმართ განაჩენები უნდა აღსრულდეს, – აცხადებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი შალვა პაპუაშვილი თემის კომენტირებისას.

„ადამიანის ექსტრადირება გახლავთ თანამშრომლობა ქვეყნებს შორის. ამ შემთხვევაში, მსჯავრდებულია მეგის ქარდავა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ხაზს უსვამს დანაშაულებრივ სისტემას, რომელიც 2012 წლამდე არსებობდა. ამ სისტემის ერთ-ერთი სახეა ეს ადამიანი და მნიშვნელოვანია, აღსრულდეს ის განაჩენები, რომელიც მის წინააღმდეგ არის ქართული მართლმსაჯულების მხრიდან გამოტანილი“, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა მეგის ქარდავამ 11 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინიდან საქართველოში მისი ექსტრადირება დაჩქარებულად იგეგმება. მისი ადვოკატი ვარაუდობს, რომ მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირება ორი კვირის განმავლობაში განხორციელდება.