შალვა პაპუაშვილი – „მთავარის“, „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ ეთერებში, 1-12 სექტემბრის პერიოდში, 185 დეზინფორმაციული სიუჟეტი გავიდა

„ქართულმა ოცნებამ“ სამი მედიასაშუალების – „მთავარის“, „ტვ პირველის“, „ფორმულას“ საინფორმაციო პოლიტიკა, მათი მთავარი საინფორმაციო გამოშვებები და თოქ-შოუები ინფორმაციის ცალმხრივი, დაუბალანსებელი და მანიპულაციური გაშუქების მიმართულებით შეისწავლა.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, კვლევის მიხედვით, სამივე ტელეკომპანიის ეთერში 185 დეზინფორმაციული სიუჟეტი გავიდა, 128 სიუჟეტი ზიზღის ენას შეიცავდა, 832-ში კი გამოყენებული იყო მანიპულაცია.

პაპუაშვილის თქმით, მედიამონიტორინგის პერიოდი 1-12 სექტემბრის პერიოდს მოიცავს.

„დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს მოქალაქეების მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება წარმოადგენს. ყალბი ინფორმაციის გავრცელება სწორედ ამ დემოკრატიული პრინციპის დაზიანების მძლავრი იარაღია. ჭორები, მოსმენილი ამბის გადმოცემა, ფაქტების დამახინჯება გამოიყენება პოლიტიკური მოწინააღმდეგეების რეპუტაციის შელახვისთვის და დისკრედიტაციისთვის. სიმართლესა და მონაგონს შორის ზღვარის განზრახ გაბუნდოვნება აძლიერებს ამომრჩევლების დაბნეულობას და ხელს უშლის ფაქტებზე დაფუძნებულ პოლიტიკურ დისკუსიას. განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში ძლიერდება გარკვეული ტელეკომპანიების მხრიდან, ხელისუფლების და მისი წარმომადგენლების მისამართით მიზანმიმართული დეზინფორმაციისა და ზიზღის კამპანია.

სწორედ ამიტომ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების ჯგუფმა შეისწავლა ამ მხრივ მედიაში არსებული გარემო, რათა გამოევლინა ინფორმაციის ცალმხრივი, დაუბალანსებელი და მანიპულაციური გაშუქება.

ანგარიშში გაანალიზებულია, სამი მედიასაშუალების – „მთავარი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“ – საინფორმაციო პოლიტიკა, მათი მთავარი საინფორმაციო გამოშვებებისა და თოქ-შოუების მაგალითზე. მედია მონიტორინგის პერიოდი მოიცავს 2021 წლის 1-12 სექტემბრის შუალედს.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ დეზინფორმაცია, როგორც მცდარი აღქმების შექმნის ინსტრუმენტი, წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხეს მოქალაქეების მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებისთვის. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ, განსაკუთრებით იმ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ახორციელებენ სპეციალურ პროექტებს დეზინფორმაციის და ზიზღის ენის ტირაჟირების წინააღმდეგ, დაინტერესდნენ ამ ტენდენციებით და შეაფასონ ამგვარი საინფორმაციო პოლიტიკის გავლენა არჩევნების დემოკრატიულ პირობებში ჩატარებაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.