მიხეილ სარჯველაძე ფარულ ჩანაწერებზე – თუ რეალური ანალიზი და კვლევა გაკეთდება, აღმოჩნდება, რომ არც ისე წვიმს, როგორც ქუხს

თუ რეალური ანალიზი და კვლევა გაკეთდება, აღმოჩნდება, რომ არც ისე წვიმს, როგორც ქუხს, – ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ მასალებს.

როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეიძლება აღნიშნულ საკითხზე გამოძიება ჩატარდეს, თუ საამისოდ ყველაფერი მომწიფდება, თუმცა დეპუტატის თქმით, ამ წუთას დრამატული სურათის დახატვის საფუძველს ვერ ხედავს.

„როდესაც რაღაც შეფასება კეთდება, შეფასებისა და დასკვნის გამოსატანად საკმარისი და სავალდებულო წინაპირობები უნდა არსებობდეს. როდესაც ერთ ამბავს გავიგებთ, არ შეიძლება ამას ავტომატურად ისეთი დასკვნა მიებას, რასაც კიდევ სხვა ფაქტორების შესწავლა სჭირდება. ვინ ვის უსმენს, რას უსმენს, რომელია ავთენტური და რომელი არა, ამას შესწავლა სჭირდება. ამის შემდეგ შეიძლება დასკვნის გაკეთება, გვისმენენ თუ არ გვისმენენ. პირადად მე მაქვს ბევრი კითხვის ნიშანი, რამდენად გვისმენენ და როგორია ამ მიმართულებით პრობლემები, რომელსაც ამ შემთხვევაში ოპოზიცია სახავს. ზოგიერთ შემთხვევაში ვიღაცამ დაადასტურა, ვიღაცამ არ დაადასტურა. ამას კარგად შემოწმება სჭირდება. სხვაგვარად არაერთხელ ყოფილა, როცა წინასწარ გამოტანილი დასკვნები მცდარი აღმოჩნდა. არ შეიძლება რომელიმე სახელმწიფო დაწესებულება, რომლის კეთილსინდისიერებაში ეჭვის შეტანის საფუძველს ვერ ვხედავ, ასე ავტომატურად ეჭვმიტანილად გამოცხადდეს”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალა გავრცელდა. ის ცალკეულმა ტელეკომპანიებმა ეთერითაც გადასცეს. გავრცელებული ფაილები ცალკეული სასულიერო პირების პირად ცხოვრებას ეხება. ფაილები შეიცავს არასრულწლოვანთა შესახებ ინფორმაციასაც.