მიხეილ სააკაშვილი: არ ვიცი, რა დამსახურება ჰქონდა მეგის ქარდავას და საერთოდ არ ვიცნობ, ვინ არის

მე არ ვიცი, რა დამსახურება ჰქონდა მაგ ადამიანს და საერთოდ არ ვიცნობ ვინ არის მეგის ქარდავა, – ასე უპასუხა საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კითხვას, იცნობდა თუ არა ის მეგის ქარდავას, რომელიც პრეზიდენტობის დროს ღირსების ორდენით ორჯერ დააჯილდოვა.

„საქართველოს პრეზიდენტი აჯილდოვებს ძალიან დიდი რაოდენობის ხალხს და ეს ხდება შესაბამისი უწყებების წარდგენით. ამაში არაფერი უცნაური არ არის. წადით და ჰკითხეთ ახლა ე.წ. პრეზიდენტს, იცნობს თუ არა ყველას, ვისაც აჯილდოებს. მე არ ვიცი, რა დამსახურება ჰქონდა მაგ ადამიანს და საერთოდ არ ვიცნობ ვინ არის ეს ადამიანი. მე მის შესახებ გავიგე 2013 წლის შემდეგ ტელევიზიით და, ეჭვი მაქვს, რომ ეს ყველაფერი პროპაგანდის მიზნებით ხდებოდა. ეს არის რაც შემიძლია გითხრათ მის შესახებ. მე ზუსტად იმდენივე ვიცი მის თაობაზე, რამდენიც თქვენ. ყველა ადამიანი, ვინც არის ამ დანაშაულის [წამების] ჩამდენი უნდა შესაბამისად დაისაჯოს და აგოს პასუხი“, – აცხადებს სააკაშვილი.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა უკრაინაში 11 სექტემბერს დააკავეს. როგორც Facebook-ზე მეგის ქარდავას სახელით მისი მეუღლე წერს, უკრაინული მხარე ქარდავას საქართველოში ექსტრადირებას გეგმავს.

საქართველოს პროკურატურა მეგის ქარდავას ექსტრადირებას მის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის 11 საქმეზე ითხოვს. გარკვეულ საქმეებზე ქარდავა დაუსწრებლად არის მსჯავრდებული, ხოლო დანარჩენი საქმეები არსებითად განიხილება შესაბამის სასამართლოებში.