ყველას მინდა მოვუწოდო „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისკენ – „ქართული ოცნება“ კვლავ რჩება იმ პოლიტიკურ ძალად, რომელსაც შეიძლება, ყველაზე მეტად ენდო – თეა წულუკიანი

ადამიანს ყოველთვის რცხვენია, როდესაც მის ოჯახში ხდება ღალატი. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოჯახის მიმართ შიგნით არის მომხდარი ღალატი. ეს არის პოლიტიკური ავანტიურა. მე მინდა დავიცვა ადამიანები და ვისაც სჯერა ამ ავანტიურის, იყავით ფრთხილად, რადგან ჩვენ საქმე გვაქვს გაუაზრებელ პროცესთან, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია მარცხს შეგუებულია.

„არ გამოვრიცხავ, რომ ის ადამიანები, საჯარო მოხელეები, პროფესიონალიზმით თუ სისუფთავით ცნობილი ხალხი, რომლებსაც სჯერა ამ პროცესის, აღმოჩნდეს პოლიტიკური ავანტიურის მსხვერპლი. ეს გამოჩნდება არჩევნების შემდეგ. მნიშვნელოვანია, ყველას გვესმოდეს, რომ თავი უნდა დავიცვათ, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა იმისგან, რასაც ოპოზიცია ამზადებს არჩევნების შემდეგ. არჩევნები არ არის მათთვის საინტერესო. ისინი შეგუებულნი არიან მარცხს. ამისთვის საკმარისია. გაიკითხოთ თქვენს სამეზობლოში, რომელი პარტია აქტიურობს ველზე ყველაზე მეტად. ოპოზიცია არც კი აქტიურობს ველზე, თუ არ ჩავთვლით სპორადულ გამოვლინებებს. მათთვის არჩევნებზე უფრო მეტად საინტერესოა არჩევნების მეორე დღე. „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს, ეს არ არის ადვილი. როცა ცხრა წელი ხელისუფლებაში ხარ. პრობლემა ამ ქვეყანაში უამრავია, მაგრამ ისე აღმოჩნდა, რომ არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ „ქართული ოცნება“ კვლავ რჩება იმ პოლიტიკურ ძალად, რომელსაც შეიძლება, ყველაზე მეტად ენდო. ამიტომაც, ყველას მინდა მოვუწოდო ამ პარტიის მხარდაჭერისკენ, ვიდრე პოლიტიკურ ველზე არ გამოჩნდებიან ახალგაზრდები, ვინც ჩვენ შეგვცვლის და, ვისაც შერცხვება ტყუილის, ვინც არ იქნება სინდისთან მწყრალად და, ვისაც, შეიძლება ვთქვათ, რომ ყველამ ერთად გადავაბაროთ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა წულუკიანმა.