ეს არის შეთქმულება სახელმწიფოს, ეკლესიის წინააღმდეგ, დესტრუქციული ოპოზიციის და სააკაშვილის მიერ – ღარიბაშვილი სუს-ის სავარაუდო ჩანაწერებზე

რა თქმა უნდა ეს არის პირდაპირ შეთქმულება სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ, – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სავარაუდო ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული მასალები.

,,ეს არის შეთქმულება სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ, დესტრუქციული ოპოზიციის, სააკაშვილის მიერ. ეს არის მცდელობა მღვდელთმთავრების დისკრედიტაციის, რაც არის ყოვლად დაუშვებელი. ამ ყველაფერს სახელმწიფო კანონის სახელით გასცემს პასუხს და ყველაფერს დაარქმევს სახელს. ასევე ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ტელევიზიები ამ ყველაფერს უკეთებენ ტირაჟირებას, რაც არის მათი პასუხისმგებლობა.

ეს არის ბოლო მცდელობა სააკაშვილის და ოპოზიციის, იციან რა, რომ ისინი მარცხდებიან თანაც სასტიკად მარცხდებიან ყველგან. ვუყურებთ, რომ მათ არ აქვთ არჩევნებისთვის მზადება. იმიტომ რომ იციან, აზრი არ აქვს ამ  ჩართულობას” – განაცხადა ღარიბაშვილმა ჟურნლისტებთან.

ცნობისთვის, ინტერნეტში სავარაუდო ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე მასალები გავრცელდა. საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.