მოსმენების კანონმდებლობა 2018 წელს გავასაჩივრეთ, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება დღემდე არ მიუღია – ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ როგორც მის აპარატს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ინდივიდუალურ პირებს, საკონსტიტუციო სასამართლოში მოსმენების კანონი არაერთხელ აქვთ გასაჩივრებული, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია.

რაც შეეხება რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ სუს-ის საიდუმლო ფაილებს, ლომჯარიამ აღნიშნა, რომ საქმე პროკურატურამ უნდა გამოიძიოს, თუმცა მისი თქმით, აქამდე მსგავსი შემთხვევების დროული და ეფექტური გამოძიება არ მომხდარა.

“საკონსტიტუციო სასამართლოში სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ინდივიდუალურ პირებს გასაჩივრებული აქვთ მოსმენების კანონმდებლობა, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ სუს-მა უკონტროლო რეჯიმში უსმინოს ჩვენ მოქალაქეებს, თუმცა 2018 წლის შემდგომ საკონსტიტუციო სასამართლო გასულია სათათბირო ოთახში და დღემდე არ მიუღია გადაწყვეტილება.

სამართლებრივად, რა თქმა უნდა, პროკურატურამ უნდა გამოიძიოს ეს დანაშაული, თუმცა, რაც აქამდე ყოფილა, ჩვენ არ გვინახავს ეფექტური, დროული გამოძიება და არ გვინახავს დასჯილი პირები ამ სისტემური დანაშაულისთვის”, – თქვა ნინო ლომჯარიამ.

ცნობისთვის, 13 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. დოკუმენტებში, რომელსაც სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს, პირდაპირ არის აღწერილი კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ. ჩანაწერები 2014-2021 წლებს მოიცავს.