ირაკლი კობახიძე – არავის გადმოუგდია ოპერატორი, თვითონ გადმოვარდა – მისი ჟურნალისტი აწყობდა მძიმე პროვოკაციას, ქარელის მერს უწოდებდა „ჩლიქოსანს“

თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ჩიპი ნახევრად არ იშლება. როდესაც ჩიპის ჩანაწერს ავრცელებთ სანახევროდ, ეს ყველაფერზე ძალიან კარგად მეტყველებს, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქარელში მომხდარი ინციდენტის შეფასებისას, სადაც „მთავარი არხის“ ოპერატორი დაშავდა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მას აქვს კადრები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დასეირნობს 2 მეტრიდან გადმოვარდნილი ადამიანი ქუჩაში.

„არა მეორე სართულიდან გადმოვარდნილი, არამედ 2 მეტრიც არ იყო. როცა მისი ჟურნალისტი აწყობდა მძიმე პროვოკაციას, ქარელის მერს უწოდებდა „ჩლიქოსანს“ და ა.შ. ამ დროს ის უკან-უკან მიდიოდა.

რაც შეეხება მერების ბრალდებებს და გამოგონილ მეტსახელებს, ეს არის ტყუილი და ჩვენ აუცილებლად მივიღებთ სამართლებრივ ზომებს შესაბამისი კანდიდატების მონაწილეობით. ძალიან ძვირად დაუჯდება თქვენს ტელევიზიებს ყველა ის „ფეიკ“ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება. ამასთან დაკავშირებით ყველა სამართლებრივ ზომას მივიღებთ. კი, გემუქრებით, რომ მოგიწევთ ბოდიშის მოხდა იმ „ფეიკ“ინფორმაციის გამო, რომელიც ვრცელდება. ამისთვის ჩვენ მივმართავთ აბსოლუტურად ყველა შესაბამის დაწესებულებას, ორგანიზაციას, ორგანოს. ყველაზე სამარცხვინო და უზრდელ ჟურნალისტს რომ უშვებ ქარელში პროვოკაციის მოსაწყობად, ეს მხოლოდ გვარამიას შეიძლება მოუვიდეს თავში აზრად და მხოლოდ ამ უზრდელმა ჟურნალისტმა შეიძლება შეასრულოს. არავის არ გადმოუგდია ოპერატორი, თვითონ გადმოვარდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.