ქვეყანა საფრთხის წინაშე დგას, რადგან აღმოჩნდა, რომ საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეები სუსის მიყურადების ქვეშ არიან, ეს საერთაშორისო სკანდალია – სალომე სამადაშვილი

პარლამენტის ფრაქცია ”ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ჩვენი ქვეყანა დღეს საფრთხის წინაშე დგას, ვინაიდან, მისივე თქმით, აღმოჩნდა, რომ საქართველოს მოკავშირეები სუს-ის მიყურადების ქვეშ არიან.

„ეს ძალიან მაღალი დონის საერთაშორისო სკანდალი, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას. „ქართული ოცნება” რეპუტაციის დაზიანებას აღარ საჭიროებს, იმიტომ რომ  ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის მათი რეპუტაცია უკვე ცნობილია, მას შემდეგ რაც მათ მიშელის დოკუმენტის ანულირებით იკადრეს. ისინი სანდო პარტნიორები აღარ არიან.

დღეს ჩვენი ქვეყანა დგას იმ საფრთხის წინაშე, რომ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები, რომლებიც ჩვენს ქვეყანასთან,  ჩვენივე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით თანამშრომლობენ, მათ შორის, რუსეთიდან მომდინარე საქფრთხეების განეიტრალების მიზნით, აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები სუს-ის მიყურადების ქვეშ არიან. შესაბამისად, მათ სრული საფუძველი აქვთ იფიქრონ, რომ ეს მთელი მასალა ხელმისაწვდომია რუსეთის უშიშროების სამსახურებისთვის,”- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.