ტრანსპორტის ამოქმედებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ მგზავრთა გადანაწილება იყოს პროპორციული, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციებთან, რათა არ მოხდეს ისევ პროვოცირება ინფექციის გავრცელების – ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია გრძელდება. მისივე თქმით, ტენდენციის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა აუცილებელი რეგულაციები სათანადოდ დაიცვან.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ ეპიდვითარებაზე საუბრისას აღნიშნა, განსაკუთრებით მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის განახლების შემდეგ აუცილებელია ტრანსპორტში რეგულაციების დაცვა.

„ამ ეტაპისთვის აღინიშნება ინფიცირების კლება, თუმცა მნიშვნელოვანია, მკაცრად იყოს გაკონტროლებული აღსრულება ყველა რეგულაციის, რომელიც არის დაწესებული. ვგულისხმობ სოციალური ღონისძიებების გამართვას, პირბადის ტარებას, სოციალურ დისტანციას. ასევე მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამოქმედდა, მნიშვნელოვანია, რომ მგზავრთა გადანაწილება იყოს პროპორციული იმ რეგულირების მიხედვით, რომელიც მოცემულია ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, რათა არ მოხდეს ისევ პროვოცირება ინფექციის გავრცელების.

ასევე საყურადღებოა ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი – ერპე, რის საფუძველზეც ჩვენ მოგვეცა გადაწყვეტილების მიღების საშუალება, რომ შემსუბუქებები დაგვეწყო. ამ ეტაპისთვის მაჩვენებელი გაჩერებულია ანუ მისი კლება არ შეიმჩნევა. სწორედ ამიტომ ჩვენი საზოგადოების მეტი მობილიზაცია და სოლიდარობაა საჭირო იმ რეგულაციების მიმართ, რისკენაც ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.