პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას, მისივე განცხადების საფუძველზე,  მხარი დაუჭირა.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილს მიმართა კითხვით, რატომ იხილავენ დაჩქარებით მელიას განცხადებას და ხომ არ აპირებენ რიგგარეშე სესიის მოწვევას ამ საკითხთან დაკავშირებით.

„დღევანდელ სხდომაზე ერთი საკითხია, რადგან სხვა მიმდინარე საკითხები კომიტეტის სამუშაო დღისწესრგიში ამ ეტაპზე არ არის. ერთი საკითხი იყო სახელმწიფო სიმბოლოკებთან დაკავშირებით და საკითხი მომხსენებელმა ითხოვა საკითხის გადადება და ამიტომ აღარ განიხილება. საკითხი, რომელიც დღეს განიხილება, ჩვენი მხრიდან, თავად კომიტეტის მხრიდან აბსოლუტურად დაცლილია ყოველგვარი პოლიტიკური მდგენელისგან, რამეთუ ჩვენ მკაფიოდ განსაზღვრული გვაქვს რეგლამენტისა და კონსტიტუციის მიხედვით ასეთი ტიპის განცხადებაზე რა ვადებში და როგორ უნდა მოხდეს რეაგირება, ამიტომ ჩვენ ზუსტად იმ კალენდარულ და იმ არითმეტიკულ ვადებს მივყვებით, რაც მკაფიოდ არის განსაზღვრული ამ შემთხვევაში რეგლამენტის მიერ. წინა შემთხვევაშიც როცა შემოტანილი იყო ბევრი დეპუტატის განცხადება, მაშინაც ჩვენ ვადების მიხედვით, მკაცრი დაცვით განვიხილეთ ეს საკითხები. როგორც იცით, ეს საკითხი გადის პარლამენტის სხდომაზე და ის იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ახლაც თავიდან ბოლომდე მივდევთ ამ მოთხოვნებს. თუ აქ არსებობს რაიმე პოლიტიკური მდგენელი და პოლიტიკური ნება, ეს არის განმცხადებლის პირადი სურვილი, რით არის ეს გამოწვეული, მან უნდა ახსნას ალბათ. რიგგარეშე სხდომის მოწვევა არ არის ჩვენი კომიტეტის პრეროგატივა, ჩვენ ამას გადავცეთ ბიუროს და როგორც რეგლამენტი ითვალისწინებს, არ ვიცით, ეს რიგითი იქნება, თუ რიგგარეშე შეტანილი იქნება ეს საკითხი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ნიკა მელიამ საპარლამენტო მანდატის დატოვების თხოვნით პარლამენტს 29 ივლისს მიმართა.