თეა წულუკიანი – ცნობილ სუბიექტ მეგის ქარდავას წარმატებულ შესახლებას ვუსურვებ სისტემაში, რომელსაც ვერ იცნობს

მადლობას ვუხდი უკრაინელ სამართალდამცველებს, ასევე, უკრაინის მთავრობას, ძალზე ხანგრძლივი სამართლებრივი პროცესის წარმატებით დასრულებისთვის, – ასე ეხმაურება საქართველოს ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადიციას. ამის შესახებ წულუკიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„მადლობას ვუხდი უკრაინელ სამართალდამცველებს, ასევე, უკრაინის მთავრობას, ძალზე ხანგრძლივი სამართლებრივი პროცესის წარმატებით დასრულებისთვის!

საერთაშორისო თანამშრომლობას დანაშაულთან ბრძოლის საქმეში ალტერნატივა არ აქვს!

ცნობილ სუბიექტს კი წარმატებულ შესახლებას ვუსურვებ სისტემაში, რომელსაც ვერ იცნობს. ქართული ციხე დღეს ადამიანის უფლებების დაცვის შესანიშნავი მაგალითია!“, – წერს თეა წულუკიანი.

ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას უკრაინიდან ექსტრადიცია განხორციელდა.

მეგის ქარდავა კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ ჩამოიყვანეს. მეგის ქარდავას სამართალდამცველებმა აეროპორტში ბრალის დადგენილება გააცნეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

საქართველოში სისხლის სამართლის 11 საქმეზე ბრალდებული და მსჯავრდებული მეგის ქარდავა უკრაინაში 2017 წლის პირველ ნოემბერს დააკავეს. ქარდავას ექსტრადირებას ქართული მხარე მისი დაკავების დღიდან ითხოვდა. 2018 წლიდან მეგის ქარდავას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით ჰქონდა შეცვლილი, რამდენიმე დღის წინ კი ის კვლავ საპატიმროში გადაიყვანეს.