გავრცელებულ ფაილებში დიდი ნაწილი სიცრუეზეა აგებული, ნაწილში სიცრუე და სიმართლე არის აღრეული, ზოგიერთი კი სიმართლესაც შეიცავს- საპატრიარქო სუს-ის სავარაუდო ჩანაწერებზე

საქართველოს საპატრიარქო ინტერნეტში გავრცელებულ ფაილებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, “გავრცელებულ ფაილებში დიდი ნაწილი, როგორც ჩანს, სიცრუეზეა აგებული, ნაწილში სიცრუე და სიმართლე არის აღრეული (სავარაუდოდ შეგნებულად), ზოგიერთი კი სიმართლესაც შეიცავს.

“სწორედ ეს სიმართლე არის ის საშუალება, რომლითაც მავანთ სურთ, მტყუან-მართალიც და სრული სიცრუეც სიმართლის სახით შესთავაზონ საზოგადოებას. ან, ყოველ შემთვევაში, ხალხს ეჭვის საფუძველი მაინც გაუჩინონ.

როგორც აცხადებენ, თუ ფაილები არასანქცირებული მოსმენებით არის შექმნილი და თანაც მათში სიმართლე მხოლოდ ნაწილობრივია, მათი გამამყარებელი დოკუმენტური მასალის წარმოდგენის შემთხვევაშიც დიდია ალბათობა იმისა, რომ ფაბრიკაციას ჰქონდეს ადგილი, მითუმეტეს, თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში და იმ დაპირისპირების გათვალისწინებით, რასაც წლებია ეკლესიის წინააღმდეგ ახორციელებენ გარკვეული ძალები. ამიტომაც, ასეთი ჩანაწერების ავთენტურობაც აუცილებლად დასადგენი იქნება.

ნიშანდობლივია ისიც, რომ სწორედ ეკლესიისადმი უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ტელევიზიები ახდენენ ფარული, არასანქცირებული მოსმენების ტირაჟირებას, რითაც ხელს უწყობენ უსაფუძვლო ეჭვების გაჩენასა და მოსახლეობაში უნდობლობის დათესვას, არ ერიდებიან ადამიანებისთვის დიდი ტკივილისა და შეურაცხყოფის მიყენებას.

სატელევიზიო და ინტერნეტ სივრცეში ასეთი მასალის გავრცელება, თანაც საკუთარი ინტერპრეტაციით, არც ეთიკურია და არც კანონიერი, მიუხედავად იმისა, ავთენტურია თუ არა ფაილები.

ყველას კარგად გვახსოვს, როგორი მწვავე რეაქცია ჰქონდათ ტელევიზიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მათი მისამართით განხორციელებულ ფარულ ჩანაწერებზე, ახლა კი როდესაც თვითონვე ავრცელებენ უკანონო ინფორმაციებს, ამის თაობაზე არ იღებს ხმას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, სახალხო დამცველი, არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლობები… სათანადოდ არ რეაგირებს არც ხელისუფლება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს გაცემა, აგრეთვე, პერსონალური მონაცემების უკანონოდ შენახვა, გამოყენება, გავრცელება არის დასჯადი; ასევე დასჯადია კერძო კომუნიკაციის, პირადი მიმოწერის, სატელეფონო საუბრის გასაჯაროება (მუხლი 157, 1571, 158,159);

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული, წესით კარგად უნდა იცოდნენ მედიასაშუალებების ხელმძღვანელებმა, მაინც აგრძელებენ გაურკვეველი წარმომავლობის, შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელებას.

ეს არის, როგორც წინა საარჩევნო პროცესში ეკლესიის ჩართვის, ასევე არეულობის გამოწვევისა და ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემების შექმნის მცდელობა.

უმნიშვნელოვანესია მომხდარი დანაშაულის დროულად გამოძიება. ეს, უპირველესყოვლისა, სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოებისა და ღირსების საქმეა.

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე პროცესებს და გვექნება შესაბამისი რეაგირება მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში.

საქართველოს და საქართველოს ეკლესიას მრავალი განსაცდელისთვის გაუძლია და, ღვთის წყალობით, ამასაც გადავიტანთ. ჩვენი ხალხი გონიერია და არჩევს, სად არის სიკეთე და სად, – შეფარული ბოროტება. ამასთან, სიმართლე ბოლოს ყოველთვის იმარჯვებს და სხვისთვის ორმოს მთხრელი ხშირად თვითონვე ვარდება მასში”, – ნათქვამია განცხადებაში.