პენტაგონი ქაბულზე დრონით თავდასხმას შეცდომად აფასებს და ბოდიშს იხდის

პენტაგონში აცხადებენ, რომ გასულ თვეში ქაბულში დრონების საშუალებით განხორციელებულ თავდასხმას 10 მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის 7 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა და ეს „ტრაგიკული შეცდომა“ იყო.

„ჩვენი გამოძიების თანახმად, თავდასხმა ტრაგიკული შეცდომა იყო“, – განაცხადა აშშ -ს ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელმა, საზღვაო ქვეითთა კორპუსის გენერალი ფრენკ მაკკენზიმ.

მისივე თქმით, დარტყმის განხორციელებისას ის დარწმუნებული იყო, რომ ეს აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს გარდაუვალ თავდასხმას ააცილებდა, ახლა კი ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნია, რომ დაღუპულები ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ განშტოების წევრები იყვნენ, ან აშშ-ის ძალებს საფრთხეს უქმნიდნენ.

განცხადება გაავრცელა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმაც, სადაც მან თავდასხმას შეცდომა უწოდა და ბოდიში მოიხადა.

“ბოდიშს ვიხდით და შევეცდებით, ვისწავლოთ ამ საშინელი შეცდომისგან,“- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, აშშ-მა ქაბულის აეროპორტთან მომხდარი ტერაქტიდან რამდენიმე დღეში, 29 აგვისტოს დრონებით დარტყმა განახორციელა. მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდასხმას მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის ბავშვების, სიცოცხლე ემსხვერპლა.