თამარ კორძაია – მეგის ქარდავას საქართველოში ჩამოყვანა არის ხელისუფლების კიდევ ერთი მცდელობა, გადაფაროს ყველა უკანონობა, რაც დღეს ხდება

წარსულის შიშით მომავალზე უარს ვერ ათქმევინებენ საქართველოს მოქალაქეებს, რადგან ეს არ არის გზა საქართველოს მომავლისკენ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირების საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც თამარ კორძაიამ განაცხადა, მეგის ქარდავას საქართველოში ჩამოყვანა არის ხელისუფლების კიდევ ერთი მცდელობა, გადაფაროს ყველა უკანონობა, რაც დღეს გამოვლინდა მათი საქმიანობის პერიოდში.

„არ დაგვავიწყდეს, გვყავს ხელისუფლება, რომელიც ფლობდა ინფორმაციას, მაგალითად ნინოწმინდაში არსებულ კანონდარღვევებზე, ბავშვების უფლებების დარღვევაზე და არ რეაგირებდა ამ საკითხებზე. გვყავს ხელისუფლება, რომელმაც იცოდა, რომ ადამიანები მუშაობდნენ რუსეთის სასარგებლოდ და აწვდიდნენ ინფორმაციას, ის ხელს არ ანძრევდა ამ ადამიანების დასაკავებლად. ამიტომ, ვერც ერთი მოქმედება, აწი რაც არ უნდა განახორციელოს „ოცნებამ“ ვერ გადაფარავს მის დანაშაულს. წარსულის შიშით მომავალზე უარს ვერ ათქმევინებენ საქართველოს მოქალაქეებს, რადგან ეს არ არის გზა საქართველოს მომავლისკენ“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

ცნობისთვის, უკრაინის სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას ექსტრადირების შესახებ და 17 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ უკრაინიდან მისი საქართველოში ეტაპირება განხორციელდა.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ მეგის ქარდავას მიმართ საქართველოში არსებული სისხლის სამართლის 11 საქმიდან ხუთზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო სისხლის სამართლის ექვსი საქმე იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.