შალვა პაპუაშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ ასოცირდება სწორედ ზიზღის ენასთან, მისი მეორე სახელი არის ზიზღი და ძალადობა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან აჟიოტაჟი და ზიზღის ენაზე საუბარი არის ფარისევლობა, რადგან თავად ასოცირდებიან ზიზღთან და ძალადობასთან.

აღნიშნული კომენტარით, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, პაპუაშვილი გამოეხმაურა ელენე ხოშტარიას მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებთან დაკავშირებით საჩივრის შეტანას.

„თავისთვად გასაკვირი არის, რა აჟიოტაჟიც გვესმის. ჩახედეთ სოციალურ ქსელებს, სოციალურ მედიას, ჩახედეთ სატელევიზიო ბადეს, ამ ადამიანების სოციალური მედიის გვერდებს, რომლებიც დღეს ასეთი მაღალი მორალური პედესტალიდან მსჯელობენ ამ საკითხზე. ნახეთ, რა ზიზღი იფრქვევა ამ მედიებიდან, ნახეთ, რა ზიზღი იფრქვევა ამ მედიების სოციალური გვერდებიდან.

ამას წინათ გვქონდა პრეზენტაცია მედიის ანალიზისა, რომლის მიხედვითაც, 12 დღის განმავლობაში, 1-12 სექტემბრის ჩათვლით, ზიზღის ენის შემცველი 128 სიუჟეტი გავიდა 3 ტელევიზიაში, დღეში საშუალოდ 10 სიუჟეტი გადის ასეთი. ასე რომ, ეს რა თქმა უნდა არის ფარისევლობა, ასევე იმ პოლიტიკური ძალის მხრიდან, რომელიც ასოცირდება სწორედ ზიზღის ენასთან, ძალადობასთან, რომლის მეორე სახელიც არის ზიზღი და ძალადობა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ. ამ საკითხზე ასეთი მორალური პედესტალიდან საუბარი, როდესაც სულ რამდენიმე დღის წინ მოხდა მეგის ქარდავას ექსტრადირება, ამ კონტექსტში კიდევ რომ საუბრობენ ზიზღის ენაზე, ეს არის გასაკვირი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.