თამარ გაბუნია: სუსტი იმუნიტეტის მქონე პირების ჯგუფი იქნება პირველი, ვისთანაც „ბუსტერ დოზებზე” ვისაუბრებთ

თამარ გაბუნიას თქმით, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზებზე, პირველ რიგში, სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებთან ისაუბრებენ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, დანარჩენი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე იქნება დამოკიდებული.

„ბუსტერ დოზებთან დაკავშირებით ერთი არის ტექნიკური გადაწყვეტილება ექსპერტების მხრიდან, რამდენად არის ეს დოზა აუცილებელი იმისთვის, რომ იმუნიტეტი იყოს მყარი ვაქცინაციის შემდეგ.

ამასთან დაკავშირებით გარკვეული მხარდამჭერი მეცნიერული მტკიცებულებები არსებობს და საერთაშორისოდ არის 6-8-თვიანი ვადა რეკომენდებული მესამე დოზისთვის და უფრო ხშირად საუბარია სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებზე. ბუნებრივია, ჩვენთვისაც ეს იქნება პირველი ჯგუფი, ვისთანაც ვისაუბრებთ ბუსტერ დოზებზე. დანარჩენი დამოკიდებული იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე, რომლებიც ჯერჯერობით ცალსახა და მკაფიო ბუსტერ-დოზების მხარდაჭერასთან დაკავშირებით არ არის“, – განაცხადა გაბუნიამ.