ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ ორივე პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. პროცესს ბრალდებულები არ ესწრებოდნენ, რადგან ისინი ამ დრომდე იძებნებიან.

ნიკა კვარაცხელია თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე 15 სექტემბერს დაჭრეს. მიყენებული ჭრილობებისგან კვარაცხელია კლინიკაში გარდაიცვალა.

აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალი ედებათ ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მათ ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.

როგორც პროკურატურის  მირ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ,  „გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ და გ.კ.-მ ნ.კ.-ს მოკვლა განიზრახეს, რისთვისაც მათ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასევე, 2021 წლის 14 სექტემბერს ნ.ბ.-სგან ავტომობილი იქირავეს. 15 სექტემბერს, ა.ჭ. და გ.კ. ვ.ანჯაფარიძის ქუჩა N1-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ, სადაც პირად საქმეზე ნ.კ. იმყოფებოდა. დანაშაულებრივი განზრახვის, კერძოდ, ნ.კ.-ს ჯგუფურად განზრახ მოკვლის სისრულეში მოყვანის მიზნით, ავტომობილიდან გადასული ა.ჭ. ნ.კ.-ს დაბრუნებას დაელოდა, ხოლო მისი თანამზრახველი გ.კ. დარჩა ავტომობილის საჭესთან. პირადი საქმის დასრულების შემდეგ ნ.კ. დაბრუნდა ავტომობილთან, რა დროსაც მას ზურგის მხრიდან შეიარაღებული ა.ჭ. მიუახლოვდა და განზრახ მოკვლის მიზნით, რამდენჯერმე ზურგში ესროლა. ნ.კ. თავდამსხმელისგან თავის დაღწევას ცდილობდა, მაგრამ ა.ჭ. დაედევნა და კვლავ განაგრძო სროლა მისი მიმართულებით, რა დროსაც მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანებები“.