პარლამენტმა უნდა გამართოს რიგგარეშე სხდომა, სადაც მოიწვევენ სუს-ის ხელმძღვანელს, პრემიერ-მინისტრს და ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, სხვა შემთხვევაში, საზოგადოება ტელევიზორებთან კიდევ დაიზაფრება – მამუკა ხაზარაძე

პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ მოთხოვნაზე ოპოზიციური პარტიებიდან უკვე 24 ხელმოწერაა, ველოდებით სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ინიციატივაზე განაცხადა, რომელიც ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნას ეხება.

„ხელმოწერები გროვდება, უკვე 24 ხელმოწერაა ოპოზიციური პარტიებიდან. ჩვენ ველოდებით სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მარტო მედიისა და ჟურნალისტების გასარჩევი არ იყოს.

თქვენ უნდა გქონდეთ საშუალება, კვალიფიციური კითხვა-პასუხი მოისმინოთ იმ ადამიანებისგანაც, ვისაც ეს ევალება. ეს ხდება მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში. პარლამენტმა უნდა მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა, სადაც მოიწვევენ სუს-ის ხელმძღვანელს, პრემიერ-მინისტრს და ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. სხვა შემთხვევაში, ეს დარჩება კიდევ ერთი ემოციის გამოვლინების საშუალება, კიდევ რამდენიმე დღე ჩვენი საზოგადოება ტელევიზორებთან დაიზაფრება და შედეგი ამას არ ექნება.

უნდა მივეჩვიოთ ჩვენ პასუხისმგებლობის დაკისრებას და პასუხისმგებლობაზე მოთხოვნის მექანიზმის შექმნას. ერთადერთი სწორი გზა არის, პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან მოვისმინოთ პასუხები იმ კითხვებზე, რომელიც გააჩნია ოპოზიციას და საზოგადოებას“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.