ვლადიმირ ზელენსკი: ჩემი მეგობრის ავტომობილზე თავდასხმისთვის, პასუხი იქნება ძლიერი

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი მის თანაშემწე სერგეი შეფირზე თავდასხმის ფაქტს  სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ზელენსკი აცხადებს, ჯერ არ აქვს ინფორმაცია, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, თუმცა პასუხი ძლიერი იქნება.

„გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლის შემდეგ დაუყოვნებლივ დედაქალაქში მივდივარ. ვინ დგას ამის უკან, გულწრფელად ვიტყვი, ჯერ არ ვიცი, რა სახის ძალები შეიძლება იყვნენ, გარეგანი, თუ შინაგანი. მაგრამ მე მათ ძალებად არ მივიჩნევ, რადგან „გამარჯობა“ გამომიგზავნო ტყიდან ჩემი მეგობრის ავტომობილზე სროლით, ეს სისუსტეა. მაგრამ, აი, პასუხი იქნება ძლიერი “, – აღნიშნა ზელენსკიმ.

თავად სერგეი შეფირის განცხადებით, მას მოულოდნელად გაუხსნეს ცეცხლი.

„მიზეზი არ მესმის. მანქანით მივდიოდით და უცებ სროლა დაიწყო. მძღოლი დაჭრეს, მაგრამ ის არ გაჩერებულა და ავტომობილი ავაჩქარეთ. საშინელება იყო. სასწრაფოდ პოლიციას და შს მინისტრს დავურეკე“, – აღნიშნა შეფირმა.

კიევის ოლქში უკრაინის პრეზიდენტის პირველი თანაშემწის, სერგეი შეფირის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სროლის შედეგად დაჭრილია მძღოლი.