გასდის თუ არა Pfizer-ის ვაქცინას ნოემბრის ბოლოს ვადა – ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, არ არსებობს იმის რისკი, რომ ვადაგასული ვაქცინით აიცრან მოქალაქეები.

მისივე თქმით, ინფორმაცია, რომ Pfizer-ის გარკვეულ პარტიას ნოემბრის ბოლოს ვადა გასდის, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და აქედან გამომდინარე, მე ვარწმუნებ ჩვენს მოსახლეობას, რომ მათ არა აქვთ რისკი იმის, რომ აიცრან ვადაგასული ვაქცინით და არც იმის რისკი არსებობს ქვეყანაში, რომ Pfizer-ს მოხმარების გარეშე გაუვიდეს ვადა და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან დიდი დანაშაული და ამ დანაშაულს ჩვენ არ დავუშვებთ,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.